ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან საშვების მოთხოვნით მეორე დღეა რიგია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისიდან იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილების მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან ხალხი საშვის რიგში დგას.

მოქალაქეებს აღნიშნული მოთხოვნით მერიაში შესვლა მინიჭებული ნომრის მიხედვით შეუძლიათ.

დავით ჯინჭარაძე რიგში 196-ა. ის ქუთაისში ცხოვრობს, თუმცა ინდ. მეწარმეა და სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელება იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უწევს. დღეს იმედი აქვს რომ საშვს მისცემენ, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საქმიანობა განაახლოს და ოჯახისთვის ლუკმა პურის ფული იშოვოს.

"ერთი საათის მოსული ვიქნები. დღეს მოწესრიგებულია, გუშინ რაც ტელევიზორში ვნახე ქაოსი იყო", - ამბობს დავით ჯინჭარაძე.

187-ეა რიგში ნიკოლოზ ნიქიბიშვილი. როგორც ამბობს მას სოფელი თერჯოლაში აქვს და იქ წასასვლელად საშვს ელოდება.

"გუშინ არ ვყოფილვარ და დღეს ასე თუ ისე ნორმალურად მიმდინარეობს რიგის მოწესრიგება. 17 ადამიანის შემდეგ მიწევს მე", - ამბობს ნიკოლოზ ნიქიბიშვილი.

გუშინდელთან განსხვავებით დღეს განთავსებულია ჯებირებიც.

ათეულობით ადამიანი დილიდან რიგში იდგა 29 აპრილს ქუთაისის მერიასთან. მათი თქმით, საშვი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დასამუშავებლად სჭირდებოდათ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში რიგის შექმნა მოსახლეობის არამიზნობრივ მომართვიანობას დაუკავშირეს.
Print