კორონავირუსი
"ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის" - იმერეთის გუბერნატორი მერიის წინ საშვთა მისაღებ რიგებზე
FaceBook
ქუთაისის მერიასთან მეორე დღეა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საშვის მისაღებად რიგი დგას.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით რიგის შექმნა არამიზნობრივმა მომართვიანობამ გამოიწვია.

"არის გარკვეული ტიპის მიმართულებები, რაზეც ჩვენ გავცემთ საშვებს, ეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, რომელთან დაკავშირებითაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ბევრია, თუმცა სამწუხაროდ, ამ განაცხადების განხილვა უფრო და უფრო კრიტიკულად გვიწევს, რადგან ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის და ძალიან ბევრ განაცხადზე მოგვიწია უარის თქმა დღეს. იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შემოაქვს განაცხადი და აქვს საჭიროება, რომ ქალაქიდან გავიდნენ, დღეს მოუწიათ ამ რეალობას შეჯახებოდნენ.

რაც შეეხება რიგებს, მერიის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს მათ რიგის დაცვისკენ, თუმცა რამდენჯერმე სოციალური დისტანცია დაირღვა, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმ საჭიროებისთვის მოვიდნენ, რაზეც გაცემულია სახელმწიფოს მიერ ნებართვა და გაიცემა საშვები - ეს არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ქალაქის გარეთ", - განმარტავს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ.

ათეულობით ადამიანი დილიდან რიგში იდგა 29 აპრილს ქუთაისის მერიასთან. მათი თქმით, საშვი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დასამუშავებლად სჭირდებოდათ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.
Print