კორონავირუსი
რიგები ქუთაისის მერიასთან - მოსახლეობა საშვებს ითხოვს
FaceBook
დილიდან რიგებია ქუთაისის მერიასთან. ათეულობით ადამიანი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დასამუშავებლად საშვის მიღებას ცდილობს.

მათი თქმით, რიგში დიდი ხნით დგომა უწევთ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ერთერთი მათგანია თენგიზ სარალიძე, რომელიც საკუთარ სოფელში წასასვლელად რიგში მესამე საათია დგას.

"წყალტუბოში, გვიშტიბში მაქვს სოფელი და უნდა წავიდე რომ მივხედო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ვეკუთვნი, მივედი და მითხრეს, ქუთაისის მერიამ უნდა მოგცეს საშვიო. ვიცდი ახლა, 3 საათი გავიდა და 50 კაცია სულ შესული. საღამოს თუ მომიწია კაი იქნება. დავრწმუნდი რომ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობ. ისიც არ იძლევიანო ეგრევე საშვებს, ჯერ უნდა ჩაგწერენო", - ამბობს თენგიზ სარალიძე.

მოსახლეობის პროტესტს ადგილზე გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო თვითონ ქმნის.

"2 ადამიანი უზით და 150 ადამიანზე მეტი დგას რიგში. 4-5 დღე ანდომებენ ერთი საშვის განხივლას. ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი. შევარდნაძის დროინდელი საპასპორტოს რიგები გამახსენდა, როცა ადამიანები სიებით იყვნენ რიგში. ქუთაისის მერიაში მუშაობს 4 000 ადამიანი, გამოიყვანონ ეს ადამიანები, საკუთარი პარტიული აქტივისტები, რომლებზეც 38 მილიონი იხარჯება ქუთაისის ბიუჯეტიდან და ამ ვითარებაში მაინც გამოიყენონ", - ამბობს გიგა შუშანია.

იმერეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოქალაქეებს უფლება აქვთ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. თუმცა ამისთვის მათ საშვი სჭირდებათ, რომლის მისაღებადაც მათ გრძელ რიგში უწევთ დგომა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რიგის წარმოქმნა მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივმა მომართვიანობამ გამოიწვია და მოქალაქეებს მოუწოდებენ იმ საჭიროებისთვის მოვიდნენ, რაზეც სახელმწიფოს მიერ არის ნებართვა გაცემული და გაიცემა საშვები.

"
Print