კორონავირუსი
"საარჩევნოდ გააუქმებენ"- მოსახლეობის განწყობა კარანტინში დარღვევის გამო ამოწერილ ჯარიმებზე
FaceBook
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტზე ფიზიკური პირები და იურიდიული ორგანიზაციები ყოველდღიურად ჯარიმდებიან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის  დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თუმცა, მოქალაქეები, განსაკუთრებით სოფლებში, ამოწერილ ჯარიმებს სერიოზულად არ აღიქვამენ. დაჯარებულები ამბობენ, რომ  ჯარიმის სოლიდურობის გამო, სახელმწიფო თავად წავა დათმობაზე და წინასაარჩევნოდ ხმების მისაღებადაც კი გამოიყენებს. მითუმეტს იმ ფონზე, რომ პირველი დაჯარიმებულებისთვის სანქციის დაკისრებიდან ერთი თვე უკვე გასულია, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა. ამის მიუხედავად,   დაჯარიმებულებს თანხის გადაუხდელობის გამო პრობლემა არ შექმნიათ. 

"გვესმის რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი. მაგრამ როცა სასწრაფოდ დამჭირდა გადადგილება,  ასეთ დროს ვის უნდა მივმართო? და საერთოდ, მგონია ჩვენნაირ გელეხებს გაუნულებენ ამ ჯარიმებს საარჩევნოდ. აბა, ხალხს 3000 ლარი ერთად არც კი გვინახავს და ერთ თვეში როგორ უნდა გადავხადოთ? თუ ვერ გადავიხადე  მერე რა მოხდება?", -  ასეთია სოფლის მცხოვრებლების განწყობა.

რა ბედი ეწევა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებს, თუ მათ გადახდაზე მოქალაქეები უარს იტყვიან, ამ კითხვით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისს მივმართეთ და მოსახლეობის ნაწილის განწყობის შესახებაც ვუთხარით,  თუმცა,  პოლიტიკური პარტიიდან პასუხები ვერ მივიღეთ. 

პასუხი ამ დრომე არ მიგვიღია არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელსაც ვკითხეთ თუ რა რაოდენობის თანხა შევიდა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტზე გამოვლენილი ჯარიმებიდან. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მიგვემართა, რასაც 10 სამუშაო დღე სჭირდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. სწორედ ამ პერიოდიდან  ხდება მოქალაქეების დაჯარიმება. შესაბამისად, ბიუჯეტში ამ დროისთვის გარკვეული თანხა უკვე მობილიზებული უნდა იყოს. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
Print
თეგები: #ჯარიმები