კორონავირუსი
ქუთაისში ე.წ. მწვანე ბაზარი იხსნება - რა დაგხვდებათ განახლებულ ბაზარში
FaceBook
ქუთაისში ცენტრალური, ე.წ. მწვანე ბაზარი მუშაობას ხვალიდან, 27 აპრილიდან განაახლებს.

მწვანე ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვლიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და მუშაობის განახლების უფლება მისცეს. სეს-ს თანახმად, ბაზარში ხმოვანი გაფრთხილება უნდა დამონტაჟდეს, რათა მომხმარებლებს სოციალური დისტანცირების დაცვის შესახებ მუდმივად შეახსენონ, ბაზარში კლიენტთა ნაკადი თანამშრომლებმა უნდა გააკონტროლონ, დასაქმებულები კი ელექტრო თერმომეტრებით უნდა შეამოწმონ. 

"დღეს მიმდინარეობს სამუშაოები და ხვალიდან უკვე გაიხსნება ბაზარი. მომხმარებლებს დახვდებათ მოძრაობის მანიშნებელი ნიშნები და შესასველი და გამოსასვლელი ჭიშკარი ცალ-ცალკე იქნება", - ამბობს ოლეგ არღვლიანი. 

მისივე თქმით, ბაზარში დასაქმებულებისა და მომხმარებლების მხრიდან დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ორმეტრიანი დისტანცირება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიხურა. მთავრობის დადგენილებით, ბაზრები მუშაობას მხოლოდ სტანდარტების დაცვის შემდეგ შეძლებენ.

Print