კორონავირუსი
იმერეთში მანქანით გადაადგილების მსურველებმა 144-ზე უნდა დარეკონ
FaceBook
იმერეთში მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობისთვის პირებს ნებართვის მიღება, ჯერჯერობით, მხოლოდ 144-ზე დარეკვის შედეგად შეუძლიათ.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვა ყველა ადამიანს შეუძლია, რომლის შემდეგ მუნიციპალიტეტებთან გადმომისამართება და რეაგირება ხდება.

რაც შეეხება ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას დამატებითი ინფორმაცია, შალამბერიძის თქმით, მოგვიანებით გავრცელდება. 

"ძირითადად, გვინდა, რომ მივცეთ გადაადგილების საშუალება იმ ფერმერებს, ვისაც მიწები აქვთ დასამუშავებელი და სხვადასხვა სამუშაო ჩასატარებელი, რათა თავიანთი საქმე გააკეთონ. ახლა მთავარი არიან ის ადამიანები, ვისაც გადაადგილების საშუალება არ აქვთ და მოძრაობის აუცილებელი საჭიროება უდგათ, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება. საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივება გამოწვეულია იმით, რომ როგორც ჩვენი მედიკოსები აცხადებენ, კორონავირუსის პიკი ჯერჯერობით დამდგარი არ არის და სანამ სიტუაცია არ იქნება ბოლომდე კონტროლის ქვეშ, მანამდე ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით", - ამბობს შალამბერიძე. 

გურჯანისა და თელავის მუნიციპალიტეტმა მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე შეამსუბუქა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის ავტომობილებით გადაადგილება დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 18-დან 19 საათამდე არის შესაძლებელი.  

თუმცა მათივე ინფორმაციით, გადაადგილების დროს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები დაცული უნდა იყოს, რაც პირბადის ტარებასა და მანქანაში არაუმეტეს სამი პირის ყოფნას გულისხმობს.

მთავრობის დადგენილებით კორონავირუსის პანდემიის გამო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებზე შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება.

Print