კორონავირუსი
"გადამწყვეტია განწყობა" - პირველი პაციენტი ქუთაისიდან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
FaceBook

ქუთაისის ახალ ინექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ექიმებმა საზეიმო კორიდორით გააცილეს.



27 წლის ახალგაზრდა პაციენტმა მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ვირუსი 21 დღეში დაამარცხა. 

დიდიმ სტურუა, იმერელია. მხიარული და იმედებით სავსე სტუდენტი. ბოლო 8 თვე თბილისიდან  პარიზში გადაბარგდა.  'სიანს პო' -ს უნივერსიტეტში დაფინანსებით მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობდა. ეკონომიკური სამართლის განხრით.

სემესტრი მაისის ბოლოს მთავრდებოდა, ამიტომ  სამშობლოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებდა. თუმცა, მოულოდნელმა პანდემიამ დიდიმის გეგმები ისევე თავდაყირა დააყენა, როგორც უამრავი ადამიანის მთელ მსოფლიოში.

,,კორონავირუსის გამო უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა და დისტნაციურ სწავლებაზე გადავედით.  თუმცა, აქეთ ჩემები ნერვიულობდნენ. ამის გარდა, ბოლოს იქ სიტუაცია საკმაოდ გართულდა, მოუწოდეს ფრანგებსაც კი, დაეტოვებინათ პარიზი, თუკი მათ სხვა ქალაქში წასვლის საშუალება ჰქონდათ. ძალიან სწრაფად ივსებოდა პარიზის საავადმყოფოები,“ – კორონას შემდეგ მხიარულებით, კაბარეებით, ხალხმრავალი ბისტროებით,  სავსე ქუჩებითა და მუზეუმებით განთქმული სინათლის ქალაქი ახალგაზრდა სტუდენტის თვალწინ რამდენიმე დღეში გადასხვაფერდა.

,,იქ მართლაც ყოველთვის სინათლე და ცხოვრების სიყვარული იგრძნობა.  ვირუსის შემდგომი პარიზი იყო დამთრგუნველი სანახავი,“ - დიდიმი სპეცრეისით საქართველოში 17 მარტს დაბრუნდა. აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში, კარანტინის მეშვიდე დღეს კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,თავიდან არანაირი სიმპტომები არ მქონდა. ერთი კვირის შემდეგ 37 მქონდა ტემპერატურა. ცოტა მტკიოდა ყელიც,“ - მსუბუქი ჩივილების მიუხედავად, დიდიმი ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი დადასტურებული პაციენტი  აღმოჩნდა.

ჯანმრთელობის დამატებითი გართულებები, არც ბოქსირებულ პალატაში გადაყვანის შემდეგ დაფიქსირებია. ერთადერთი, რაც ძალიან აწუხებდა, ეს გემოსა და სუნის შეგრძნების უეცარი გაქრობა იყო.

,,ბოქსირებული პალატა ჩვეულებრივი ოთახია, დიდად არ განსხვავდება სასტუმროს ნომრისგან, მხოლოდ სამედიცინო მოწყობილობები და აპარატურები თუ შეგახსნებენ, რომ საავადმყოფოში ხარ, სხვა მხრივ, არაფერი,“ - ამბობს დიდიმი.

განსაკუთრებით მადლიერებას ექიმების მიმართ გამოხატავს, რადგან კორონავირუსი სწორედ მათი პროფესიონალიზმით და კეთილგანწყობით დაამარცხა.

"უხერხულად ვგრძნობდი თავს რომ პირველი პაციენტი ვიყავი. ექიმებისგან, ექთნებისგან ვგრძნობდი ძალიან დიდ მხარდაჭერასა და თანადგომას. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი დღევანდელი დროის ნამდვილი გმირები არიან. ნებისმიერი ავადმყოფობის დასამარცხებლად გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, რაც განპირობებულია იმ გარემოთი, რომელშიც პაციენტს უწევს ყოფნა. სწორედ ასეთ გარემოს ქმნიდნენ ის ექიმები, ექთნები და სანიტრები,“ –  სტუდენტი ამავე პალატში ონლაინ გაკვეთილებით აგრძელებდა სწავლას.  კვირის გარდა ყოველდღე ლექციები უტარდებოდა, ბევრ დავალებას ასრულებდა. დროც ნაკლებად ჰქონდა ფიქრისა და მოწყენისათვის.

,,იმედია მალე მშვიდობა იქნება და ყველაფერი დალაგდება. შემდეგ მეც დავუბრუნები პარიზს," -  გამოცდილება რომელიც დიდიმს კარანტინმა შესძინა ის გახლავთ, რომ იმედიანი განწყობით ყველაფერს შეიძლება გაუმკლავდე. სწორედ ასეთივე იმედიანი განწყობით ელოდება დიდიმი საყოველთაო გამარჯვებას, რადგან სჯერა რომ მის მსგავსად კორონავირუსს მთელი მსოფლიო დაამარცხებს.

ამჟამად ქუთაისის ახალ ინფექციურში  კორონავირუსით დაინფიცირებული 17 ადამიანი მკურნალობს. 

"კოვიდ 19"– ით ინფიცირებულებს გამოჯანმრთელებაში კლინიკის ჩვიდმეტი ექიმი ეხმარება. ეპიდემიის წინა ხაზზე მყოფები 24-საათიან რეჟიმში  კვირაში შვიდი დღე მუშაობენ.

 

სამედიცინო კლინიკაში მკურნალობის პროტოკოლი სტანდარტულია: კორონავირუსს ექიმები სიმპტომური და ანტიბიოტიკოთერაპიული მეთოდებით ებრძვიან.



Print