კორონავირუსი
"კოვიდ 19" - თან მებრძოლები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

,,ხომ გადავრჩები?!“ - პირველად ხშირად ამას კითხულობენ პაციენტები, რომლებსაც ახალი, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ქუთაისის სამედიცინო "კლინიკამ ლჯ და კომპანია", რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულთა მიმღებია, 200 - მდე პაციენტი გამოიკვლია, მათგან კორონავირუსი  ათს აღმოაჩნდა.


"კოვიდ 19"– ით ინფიცირებულებს გამოჯანმრთელებაში კლინიკის ჩვიდმეტი ექიმი ეხმარება. ეპიდემიის წინა ხაზზე მყოფები 24-საათიან რეჟიმში  კვირაში შვიდი დღე მუშაობენ.

მათ შორისაა მარიამ ვარდანაშვილი, რომელიც შემართებით და პოზიტიური განწყობით  ცდილობით კორონავირუსის დამარცხებას.

მარიამ ვარდანაშვილი

მარიამ ექიმს კორონავირუსით დაინფიცირებულებთან პირდაპირი შეხება აქვს. ბოქსირებულ პალატებში 28 წლიან გამოცდილებასთან ერთად, ცდილობს იმედიანი განწყობა შეიტანოს. 

მისი პირველი, "კოვიდ 19"– ით ინფიცირებული პაციენტი შუახნის ქალია. სიტუაცია, რომელშიც აღმოჩდნენ ორივესთვის ახალია. 

,,კოვიდის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. ყოველი დღე უფრო სხვა ფიქრებით იწყება ვიდრე მანამდე. სამსახურში რომ მოვდივარ  ვფიქრობ რა დამხვდება, რა იქნება, ახალი პაციენტი ხომ არ დაგვემატა. ცოტა დაძაბული ვარ, თუმცა უფრო მობილიზებული ", - მოქალაქეების განკურნებისთვის ყოველდღიური დაუღალავი შრომა ექიმებისგან განსაკუთრებულ ემოციურ და  ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

რუტინულია ყოველ დილას დაწყებული გზა საავადმყოფოს კარიდან პაციენტების პალატებამდე: ხელების დამუშავება, ნიღბით, ხალათით, პირბადეებით, ხელთათმანებით  და სპეციალური ეკიპირებით შეიარაღება.


სამედიცინო ეკიპირება, რომელსაც ბოქსირებულ პალატაში იყენებენ



ექიმების ამბობენ, რომ ეკიპირების მარაგი საკმარისად აქვთ, თუმცა ცდილობენ მაქსიმალურად დაზოგონ.

სამედიცინო კლინიკაში მკურნალობის პროტოკოლი სტანდარტულია: კორონავირუსს ექიმები სიმპტომური და ანტიბიოტიკოთერაპიული მეთოდებით ებრძვიან. 

,, გადავრჩები? ხომ ისევ კარგად ვიქნები? პაციენტები შეშინებულები არიან და ეს ბუნებრივია. ისინი ეძებენ იმედს. როცა ასეთი ემოცია მოდის პაციენტიდან, შენც უფრო მობილიზებული ხდები. ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ესაუბრები. რათქმაუნდა პირველ რიგში ვცდილობ დავამშვიდო. ვარწმუნებ რომ ყველაფერი იქნება კარგად. ეს განწყობა ჩემთვისაც დამაჯერებელია. მეც იმ პაციენტივით მჯერა, ყველაფერი რომ კარგად იქნება. მეორეს მხრივ, როცა პაციენტი გატყობს შენ არ გეშინია, თვითონაც კარგად არის. ძლიერია,“ - ამბობს დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზის და ფილტვის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ექიმი, მარიამ ვარდანაშვილი. ის ამავდროულად გვეუბნება, რომ შუა ხნის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობს დამაკმაყოფილებელია.


სამედიცინო კლინიკა "ლჯ და კომპანის" დანარჩენი ექიმებიც მარიამ ექიმთან ერთად, თავდაუზოგავად იბრძვიან  "კოვიდ 19"– ის წინააღმდეგ. სანიტრები, ექთნები, კლინიკის ყველა თანამშრომელი შეტევით განწყობაზეა. მათი მთავარი სათქმელი მოქალაქეების მისამართით - სახლში დარჩენაა.


კლინიკა ,,ლჯ და კომპანის" თანამშრომლები


სამედიცინო დაწესებულება კრონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან ერთ-ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა, შესაძლოა საავადმყოფო მალე დატოვოს. ეს დღის ბოლომდე საკონტროლო ტესტით გაირკვევა.  

ტესტის პასუხს ახლა ყველა ელოდება. ვიდრე პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების სიხარულს ექიმები ერთმანეთს გაუზიარებენ, საავადმყოფოს სოციალურ გვერდზე იმედიან ფოტოებთან ერთად, იმედიან მესიჯებს ავრცელებენ.

Print