კორონავირუსი
ქუთაისის ცხელების ცენტრს 100–მდე პაციენტმა უკვე მიმართა
FaceBook

ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მოქმედ ცხელების ცენტრს  100–მდე პაციენტმა უკვე მიმართა.



ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის თქმით, დღევანდელი მონაცემები დღის ბოლოს შეჯამდება.

„100–ს მივუახლოვდით უკვე. გუშინ, 24 საათში 15–მა ადამიანმა მოგვმართა. დღევანდელი მონაცემები ჯერ  არ არის დათვლილი", – ამბობს  არჩილ მუკბანიანი.

ცენტრიდან ლაბორატორიაში კიდევ ოთხი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშია გაგზავნილი, რომლებზეც პასუხს დღის განმავლობაში მიიღებენ.


გუშინ, გვიან ღამით ცხელების ცენტრიდან ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი გადაიყვანეს. ინფიცირებული 62 წლის ქალბატონია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით,  უცნობია. მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია.


ქუთაისში, ცხელების ცენტრი, სადაც პაციენტთა ე.წ. ტრიაჟი ხდება, პირველი აპრილიდან ფუნქციონირებს. ცენტრში მისული პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ, პირდაპირ კლინიკაში გადაჰყავთ. ვირუსის დადასტურების შემდეგ კი მათი ახალ ინფექცურ საავადმყოფოში გადაყვანა ხდება, რომელიც Covid19–ით ინფიცირებულთა მიმღები კლინიკაა. ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით სულ ექვსი პაციენტი მკურნალობს.

Print