კორონავირუსი
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან მომართვიანობა გაიზადა – არასამთავრობო ორგანიზაციები
FaceBook

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს.


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომართვიანობის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.



პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს მძიმე პირობებს უქმნის. იძულებულს ხდის ოჯახის მოძალადე წევრთან  ერთ სივრცეში დარჩეს. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მათ რაიმე ალტერნატივას უზღუდავს.

საგანგებო მდგომარეობაზე მორგებულ ალტერნატიულ საშუალებებს  არ თავაზობს არც სახელმწიფო.

ეს განაპირობებს ძალადობის შემთხვევების სიხშირეს და შესაბამისად, მომართვიანობის ზრდას ოაჯახური ძალადობის პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართ.


„ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ",  - აღნიშნულია განცხავებაში რომელიც სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და საია-მ გაავრცელა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან ოჯახური ძალადობის მსხვერპლების დაცვის მიმართულებით.


„პირველ რიგში უნდა ისაუბრონ ამ საფრთხეებზე და გააფრთხილონ მოსახლეობა, რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტულია განსაკუთრებით თვითიზოლაციის პერიოდში.

ოჯახში ძალადობისაგან თავდასაღწევად თუ დაარღვევს ადამიანი კარანტინის პირობებს, ის არ უნდა ისჯებოდეს.


მაღალი რისკის შემცველ ოჯახებთან უნდა მიდიოდეს პრევენციული სამუშაო და მათთან კონტაქტზე იყვნენ უბნის ინსპექტორები და სოციალური მუშაკები, თუმცა ეს უკანასკნელი რგოლი ძალიან სუსტი იყო საქართველოში პანდემიამდეც“, - ამბობს ორგანიზაცია  "საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.


არასამთავრობოები მოითხოვენ მიღებულ იქნას დროებითი პროცედურები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს მსხვერპლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადვოკატის ჩართულობით დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცენ ჩვენება/ახსნა-განმარტება.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოხდეს იმ წესების ადაპტირება, რომელიც მსხვერპლს და ადვოკატს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად იყვნენ ინფორმირებულნი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ საქმის მასალებს.


სადაც ეს შესაძლებელია – დისტანციურად მოხდეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში.


არასამტავრობო რგანზიაციების წარმომაენლების თქმით სახელმწიფოს მხრიდან მათ განცხადებას ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.

Print