კორონავირუსი
ქუთაისის ტაძრებში გახმოვანების სისტემა მონტაჟდება
FaceBook

ქუთაისის ეკლესია–მონასტრებში გახმოვანების სისტემის დამონტაჟება ეტაპობრივად მიმდინარეობს.


აპარატურის ნაწილი ეპარქიას ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა ათხოვა, ნაწილი კი რესტორნებმა და სარიტუალო დარბაზებმა ასევე დროებით გამოყენებისთვის გადასცეს.

ქუთაის–გაენათის ეპარქიის მღვდელი მატათა ქარქაშაძე ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულამდე ხმოვანი მოწყობილობა ყველა ტაძარში იქნება, თუმცა, ჯერ არ იციან როგორ შეძლებენ წირვა–ლოცვას გამკაცრებული წესების პრიობებში,  რომლის მიხედვითაც, სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა იკრძალება.


„აპარატურა მამაოებმა ინათხოვრეს რესტორნებიდან, მერიამაც გადმოგვცა და ეტაპობრივად ხდება აღჭურვა. ადგილები ინიშნება მრევლისთვისაც ტაძრების ეზოებში. დიდ დღესასწაულებამდე ყველა ტაძრაში იქნება დამონტაჟებული გახმოვანების სისტემა.  თუმცა, ახალი რეგუალციით, როგორ უნდა ჩავატაროთ ღვთისმსახურება, ჯერ არ ვიცით. მეუფე თბილისშია და როცა ჩამოვა, გვეცოდინება",- ამბობს მატათა ქარაშაძე.


მისი ინფორმაციით, გახმოვანების სისტემა უკვე დამონტაჟებულია ცენტრალურ მოედანზე მდებარე დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის ტაძარში, ასევე, ქეთევან დედოფლის, მარიამ მეგვიპტელისა და ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიებში. შესაბამისი აპარატურით დღეს აღიჭურვება   12 მოციქულის ტაძარი.


საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. ერთ–ერთი რეგულაციის მიხედვით, იკრძალება სამ პირზე მეტის თავშეყრა. 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კი მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში  ღამისთევის ტრადიცია ვერ შესრულდება.

Print