კორონავირუსი
პანდემიის გამო, რა დახმარებას სთავაზობენ იმერეთში მოსახლეობას (ფოტო)
FaceBook

პური, კარტოფილი, ზეთი, შაქარი, ფქვილი, ბურღულეული, - ეს იმ სურსათის ჩამონათვალია, რომლითაც იმერეთის მუნიციპალიტეტებში სოციალურად შეჭირვებულ და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეხმარებიან.

ჩამოთვლილ პროდუქტებს მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სპეციალურად შექმნილ მოხალისეთა ჯგუფთან ერთად არიგებენ.


ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძირითად პროდუქტებს რძის ნაწარმიც ემატება



რძის ნაწარმი პროდუქტების კალათას თერჯოლაში დაემატა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის შესამსუბუქებლად თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 7500 ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. 

,,70 წელს გადაცილებულ 150 მარტოხელა მოხუცს დავურიგეთ საკვები პროდუქტები. ასევე განცხადებას წერენ ოჯახები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ძალიან გვეხმარებიან კერძო მეწარმეებიც, რისთვისაც მათ მადლობას უხდის თერჯოლის მერია, - ამბობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გაბრიაძე. "

მისივე ინფორმაციით, თერჯოლაში საკვები პროდუქტები ასევე დაარიგეს სკოლამდელ აღსაზრდელთა 1187 ოჯახში. 

უმწეო მდგომარეობაში დარჩენილ მოსახლეობას ხარაგაულში მუნიციპალიტეტთან ერთად ადგილობრივი მეწარმეები სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებით ეხმარებიან. 

კამპანია „როცა შენ შეგიძლია დაეხმარო სხვას“ ფარგლებში ხარაგაულში უფასოდ  1000 ცალი პური, ზეთი და ლობიო დაარიგეს.

ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 ათასი ლარით პროდუქტები 204 მარტოხელა მოხუცისთვის შეიძინეს. 

,,ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი განაგრძობს პურების და საკვები პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის მომართვიანობის საფუძველზე. მოხალისეებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი," -  ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ხელმძღვანელი თეა ბერიძე.

მოხალისეები ბაღდათში არამხოლოდ საკვებ პროდუქტებს არიგებენ, არამედ ხანდაზმულებს შინ მიწოდების სერვისსაც სთავაზობენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსის დაავადების რისკჯგუფის მქონე ადამიანებისთვის. 

,,ხანდაზმულებს რაც სჭირდებათ, საკვები, მედიკამენტები, თუ ნებისმიერი რამ, გარეთ რომ არ გავიდნენ ჩვენ ვაწოდებთ. შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე და ადგილზე მივუტანთ ყველაფერს," - აცხადებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მარეხი მშვენიერაძე, რომელიც ამავდროულად განმარტავს, რომ შინ მიწოდების სერვისით უკვე მუნიციპალიტეტში ორმოცამდე ადამიანმა ისარგებლა. 

ამ დრომდე ორმოცდაათამდე სასურსათო კალათა დაარიგეს მარტოხელა ხანდაზმულებისთვისაც.  

,,ბაღდათში შექმნილია ფონდი ბაღდათელები ერთმანეთისთვის, სადაც შეგროვდა თანხა, პროდუქტები. თანამშრომლებმა პირადადაც მივიღეთ ამაში მონაწილეობა. გვეხმარებიან სპონსორებიც. ასევე იგეგმება მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, რათა კალათების დარიგება გავაგრძელოთ. ვაპირებთ ჯამში 400 მდე ოჯახს დავეხმაროთ," - ამბობს მშვენიერაძე. 




სამტრედიის მუნიციპალიტეტში პროდუქტების კალათასთან ერთად, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემენ. 

,,ფინანსური დახმარება საჭიროებისა და მომართვიანობის საფუძველზე 100 დან 200 ლარამდე იქნება," - ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ლეჟავა. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ასევე დარიგდა  პროდუქტების
150 კალათა მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, რისთვისაც 5000 ლარი მერიის სახელფასო ფონდიდან დაიხარჯა.



სამტრედიაში საკვები პროდუქტებით  სულ 350 ოჯახს დაეხმარებიან




პანდემიურ პერიოდში ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებთა დასახმარებლად 100 ათასი ლარი გამოყო ტყიბულის მაჟორიტარმა. 

ამ ეტაპზე მერიაში მიმდინარეობს განსაზღვრა, თუ რა საჭიროების მიხედვით დაიხარჯება ხსენებული თანხა.

მანამდე კი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 მატოხელა მოხუცს საკვები პროდუქტები დაურიგეს.

,,თითოეულ კალათაზე მერიის სარეზერვო ფონდიდნ 40 ლარამდე დაიხარჯა. გარდა ამისა უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარს შინ მიეწოდება საკვები," - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ელისო ჭანტურიძე. 

მერიამ, ასევე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც ორგანიზებულ სექტორებში ცხოვრობენ, ქიმიური წმენდისა და სანიტარული დანიშნულების საშუალებები გადასცა.

მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის პროგრამაც ხორციელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირობებში მოსახლეობის დახმარების მიზნით სპეცბიუჯეტი დამტკიცდა.

თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტით გათვალისწინებული 150 ათასი ლარი, ამას სიტუაციის მიხედვით განსაზღვრავენ. 

,,საჭიროების მიხედვით მოხდება თანხის დახარჯვა, მოსახლეობის დახმარების მიზნით," - ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე. 

მისივე ცნობით ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებისთვის უკვე დაარიგეს კალათები. პროდუქტების თითოეულ კალათაზე 40 ლარი დაიხარჯა. 

,,ჯამში პროდუქტები სულ 230 მარტოხელა ხანდაზმულს დაურიგდება," - ამბობს მოდებაძე.  

ჭიათურაში ასევე საკვები დარიგდა სკოლამდელი დაწესებულების 1548 აღსაზრდელის ოჯახში.



საკვებს ჭიათურის  მუნიციპალიტეტში 135 მოხალისე არიგებს 



30 000 ლარიანი საგანგებო ბიუჯეტი დამტკიცდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

მერიის ინფორმაციით აქედან 23 000 დაიხარჯება 70 წელს გადაცილებულებზე, სოციალურად დაუცველი 0 დან 100001 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე  და განსაკურებული საჭიროების ოჯახების დასახმარებლად. ხოლო  7000 ლარი სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლადაა განსაზღვრული. ასევე სადეზინფექციო ხსნარების და სხვა ვირუსისაგან დამცავი საშუალებების შესაძენად

,,კორონავირუსის წინააღმდეგ კოორდინირებული, პრევენციული ღონისძიებების გატარება გრძელდება, მიხარია, რომ გამოჩნდნენ კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოსახლეობას. ეს პროცესი შეუქცევადია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება თანხის გამოყოფა, რათა ამ ეტაპზე ყველა გაჭივრებულ ოჯახს გადავცეთ საკვები პროდუქტები", - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი  ნათია გახოკიძე.

35 ლარის ღირებულების პროდუქტების კალათა დაარიგეს მატროხელა მოხუცებისთვის ხონის მუნიციპალიტეტში.

როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ პროდუქტების კალათა ჯამში 200 ოჯახში დარიგდება.

საკვები ასევე დაურიგდა სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა 750 ოჯახს.

ვანის მუნიციპალიტეტში პანდემიასთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარჩენალ დაკარგულ და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 500 ოჯახს 25კგ ტომრით პურის ფქვილი დაურიგდა.

,,ვანის მკვიდრმა ვალერი მაჭარაძემ გამოიჩინა დიდი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოსცა 12 500 კგ ხორბლის ფქვილი, რის შედეგადაც შევძელით 500 ასეთი ოჯახის დახმარება," - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.


რა დახმარებას სთავაზობს მოსახლეობას საჩხერისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები, ამასთან დაკავშირებით - მუნიციპალიტეტების პრესცენტრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თუმცა როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ სოციალურ გვერდზეა ნათქვამი  : ,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი მზადაა დახმარება გაუწიოს ამ საჭიროების მქონე მოქალაქეებს. ყველა იმ ობიექტზე, სადაც მუშაობა კანონით არ შეზღუდულა, მოწესრიგებულია მოქალაქეთა დისტანცირება. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული თვითმმართველობის ორგანოები, მკაცრად კონტროლდება თვითიზოლაციაში და კარანტირში მყოფი პირების მდგომარეობა.“

600 - ზე მეტი ამანათი დაარიგეს  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მრავალშვილიან ოჯახებში.

,,ქუთაისის სპორტის სასახლეში კერძო სექტორის მიერ შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელიც დაფასოებული იქნა მერიის მოხალისეთა გუნდის წევრების მიერ და ყოველდღიურად რიგდება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში,“ - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

კერძო სექტორის მიერ შეგროვებული სასურსათო პროდუქტები დაურიგდა 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა დედებს და მეორე მსოფილიო ომის ვეტერანებსაც.

იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე 650-მდე მოხალისეა მობილიზებული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

Print