კორონავირუსი
"გინდ კორონას მოვუკლივარ, გინდ შიმშილს" – შრომა სიცოცხლის რისკის ფასად (ვიდეო)
FaceBook

55 წლის მზია ბუკაძე სამტრედიიდან და 51 წლის ინგა სულაკაძე მესხეთიდან, კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც, ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზარში ყოველდღე დადიან და  პროდუქტს ყიდიან.


ქალები, რომლებიც  ქუჩაში მთელ დღეს ატარებენ, მრავალსულიან ოჯახებს ჯანმრთელობის რისკის ფასად არჩენენ. რომ არა მათი მუშაობა, შვილები და შვილიშვილები, რომლებისთვისაც ისინი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენენ, მშივრები დარჩებიან.
მუშაობენ ხელთათმანებით და პირბადეებით, თუმცა, კარგად აცნობიერებენ, რომ ეს ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის.

"გინდ კორონას მოვუკლივარ და გინდ შიმშილს", – ამბობენ ქალბატონები და მყიდველის გარეშე დარჩენილ ბაზარში პროდუქტის გაყიდვას ცდილობენ, რომ დღის ბოლოს სულ მცირედი მაინც მიიტანონ სახლში. 

მზიასა და ინგას მსგავსად ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გამო  კი, ისინი მუშაობას თითქმის ვეღარ ახერხებენ.

სტაბილური სამსახურის არქონის პირობებში, მათ არც დანაზოგი აქვთ, რომ პრევენციული ზომების მოხსნამდე თავის გატანა შეძლონ.

ერთადერთი შეღავათი, რაც სახელმწიფომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის გააკეთა, საბანკო ვალდებულებების სამი თვით   გადავადებაა, თუმცა,  შემოსავლის გარეშე დარჩენილებისთვის მძიმე ტვირთია ყოველთვიური კომუნალური გადასახადებიც.
რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ასეთი ადამიანების ხელშეწყობისთვის, ასევე, განიხილავს თუ არა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების მიზნით, კერძო სექტორთან მოლაპარაკებას, ამ შეკითხვებზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, არ გვიპასუხა.

Print