კორონავირუსი
საგანგებო სიტუაციის წესის დამრღვევ პირებს, ვისთვისაც საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება, სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება მიიღებს
FaceBook
საგანგებო სიტუაციის წესის დამრღვევ პირებს, ვისთვისაც საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება,
სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება მიიღებს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულება მზად 2-3 დღეში იქნება.

"სანქციების მხრივ რაიმე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც. ეს ჯარიმები რჩება ძალაში. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს წესს, გათვალისწინებულია ასევე საპატიმრო სასჯელიც.


მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს, ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში. მე არ მინდა უფრო მეტი დეტალი გითხრათ ახლა და დღეს, მაგრამ თუკი ამაში დაგვეხმარებით, რომ საზოგადოებას ეს ვუთხრათ, ალბათ, ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება. ჩვენ სულ ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება იმისთვის, რომ თუკი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმამისჯილი პირის მიერ წესის ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება, ჩვენ ასეთი პირების მიღებას საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ", - განაცხადა წულუკიანმა.


შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 3000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირისთვის 15 000 ლარის ოდენობით, თუმცა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისას იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმებით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.


www.interpressnews.ge
Print