კორონავირუსი
ქუთაისელი ემიგრანტის ცხოვრება კარანტინში (ვიდეო)
FaceBook

გიორგი (სახელი შეცვლილია) 17 მარტს შესრულებული პარიზი-თბილისის რეისის ერთ-ერთი მგზავრია.


ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში ორი წელია ცხოვრობს. ლტოლვილის სტატუსი აქვს და მუშაობს. ახალი კორონავირუსი მის სამშობლოში დააბრუნებას აჩქარებს.

 


"16 მარტს დავჯავშნე ბილეთი, ამ დროს პარიზში უკვე კორონავირუსით გამოწვეული შიში აშკარაა. ეიფელის კოშკთან, სადაც ადრე უამრავი ხალხი იკრიბებოდა, ახლა ძალიან ცოტას თუ ნახავდით. ვინც ამ დროს ქუჩებში დადიოდა, ყველას ხელთათმანი და პირბადე ეკეთა’’.


საფრანგეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკვე ცოტა ხალხი სარგებლობს. მგზავრები შორი-შორს სხდებიან. სამაგიეროდ, აეროპორტია ხალხით სავსე. ყველა შინ ბრუნდება.


“ყველას ერთი სურვილი აერთიანებდა იმ მომენტში, ქართველსაც და უცხოელსაც, მალე გაფრენილიყო პარიზიდან. ჩვენს რეისზე 180 ადამიანს უნდა გვემგზავრა, ყველა მგზავრს ბორტზე ასვლამდე სიცხე გაგვიზომეს. თვითმფრინავში რომ ავედით, ბორტგამცილებლები სპეციალური ეკიპირებით დაგვხვდნენ, თუმცა ამ ფაქტს ჩვენში პანიკა არ გამოუწვევია. ყველამ კარგად ვიცოდით, რა საფრთხის წინაშე ვიდექით’’.


მგზავრებს აფრთხილებენ,რომ საქართველოში ორკვირიანი კარანტინი ელით. ფაქტს არავინ აპროტესტებს. იციან, ეს მათი და სხვისი ჯანმრთელობისთვის აუცილებლია.

საპატრულო ეკიპაჟს და მედ-პერსონალს გიორგი და მასთან ერთად ჩამოფრენილი 40 მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადჰყავს. დანარჩენებს სხვაგან ანაწილებენ.

“გორში, დღეში 6-7ჯერ, სპეციალური ეკიპირებით ექიმები ტემპერატურას გვიზომავდნენ. ჩაყვანის დღიდან, ერთმანეთისგან იზოლირებულები ვიყავით. რომ დარწმუნდნენ არაფერი სახიფათო არ იყო, ორი დღის შემდეგ მითხრეს, ან თვითიზოლაციაში უნდა გადავსულიყავი ან საირმის საკარანტინო სივრცეში. მერჩია საირმეში წასვლა, რადგან იმ ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნებოდი, ვინც პროფესიონალია. მეც დაცული ვიქნებოდი და ჩემი ახლობლებიც’’.



საირმეში კარანტინის წესებს ხელახლა უხსნიან. პასპორტებს ადმინისტრაციაში ატოვებინებენ და სათითაოდ ანაწილებენ ნომრებში. ახლობლებს სიტყვა კარანტინიც კი აშფოთებთ. გიორგის ტელეფონზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ზარი შედის.


“რეალობა სულ სხვაა.საირმეში მე ვარ ჩვეულებრივ სასტუმროს ნომერში, მაქვს ის ყველაფერი, რაც ნომერში უნდა ჰქონდეს ადამიანს. მაქვს ტელევიზორი, ინტერნეტი, გათბობა, პირველადი მოხმარების ყველა ნივთი, ყავა, ჩაი, წყალი, სამაჯერადი კვება, სისუფთავე, ყოველდღე სხვადასხვა მენიუ. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ კარანტინი ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ გარეთ გასვლა, ჩემივე უსაფრთხოებისთვის, არ შეიძლება”

აივნიდან მეზობელს ესაუბრება. ვერ ხედავს, კარანტინელი მეგობრის მხოლოდ ხმა ესმის. ფილმებს არ უყურებს, მთელი დღე ახალ ამბებს ეთმობა. იზოლაციაში ყოფნა მხოლოდ იმიტომ უჭირს, რომ სულ რამდნეიმე კილომეტრი აშორებს ორი წლის უნახავ ოჯახს.

საირმის საკარანტინო სივრცეს ოთხ დღეში დატოვებს. უცხოეთში წასვლას აღარ გეგმავს, იმედი აქვს, სამუშაოს მშობლიურ ქუთაისში იშოვის. ურჩევნია ნაკლებ ხელფასი ჰქონდეს და ახლობლებთან ერთად იყოს. ჯერ ლტოლვილობამ და მერე იზოლაციამ მათი ფასი კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა.

Print