ინტერვიუ
როგორ გავუმკლავდეთ Covid 19–ით გამოწვეულ სტრესს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
FaceBook

კორონავირუსის მიზეზით გაჩენილმა ახალმა რეალობამ ცხოვრების წესის ცვლასთან ერთად სხვა სიახლეებიც მოიტანა.



მან ცვლილეება შეიტანა ჩვენს ემოციებში. შიში და სტრესი იმაზე ხშირად გვახსენებს თავს, ვიდრე ვისურვებდით.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესებს?

რა შეიძლება დავუპირისპიროთ შიშს?

როგორ ვმართოთ ემოციები?


ამ და სხვა საკითხებზე  "ქუთაისიპოსტს "ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე გვესაუბრება.

- შიში ბუნებრივი რეაქციაა საფრთხეზე რომელიც გადარჩენაში გვეხმარება. ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია რაღაცის. შიშების უმეტესობა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საბოლოო ჯამში, სიკვდილის შიშზე დაიყვანება. ძნელია გაუმკლავდე დაცვით მექანიზმს, რომელსაც ბუნება მილიონობით წლის განმავლობაში აყალიბებდა ცოცხალ ორგანიზმში.

და ისიც კი საკითხავია საჭიროა თუ არა შიშთან ბრძოლა.

ყველა "უშიშარი" ან ხმალკბილა ვეფხმა შეჭამა ათასობით წლის წინ ან მამონტმა წამოაგო ეშვზე ან მოპირისპირე ტომის შუბმა იმსხვერპლა. შესაბამისად, შიში რომ არა ადამიანი როგორც სახეობა საერთოდ ვერ მოაღწევდა დღევანდელ დღემდე. სხვა საკითხია შიში, რომელიც პანიკაში გადადის და რაციონალურ აზრონებას უშლის ხელს. ხო, ალბათ, ასეთ შიშს ჭირდება შემსუბუქება და ერთგვარი "მართვა".


- არ გვაქვს საუბარი ირაციონალურ შიშებზე. როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, შევამციროთ, გავანეიტრალოთ  შიში, მაშინ როცა საფრთხე რეალურია?


- უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვეშინია იმის რასაც წარმოვიდგენთ. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი სიკვდილს არ გულისხმობს, ჩვენს წინაშე სიკდილი არ დგას. კორონას შემთხვევაშიც დაინფიცირების ალბათობა არის დაბალი, შემდეგ გადარჩენის ალბათობა არის ძალიან მაღალი. მაგრამ ჩვენ რატომღაც  წარმოვიდგენთ გაცილებით ცუდს.  სწორედ ეს წარმოსახვა და ჩვენივე ფანტაზიები  გვაშინებს.

იმისთვის, რომ ფანტაზიებმა არ შეგვაშინოს ალბათ საჭიროა გვახსოვდეს ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი, რომ “ტვინი არ არის ნაგავსაყრელი, ამიტომ გაფილტრეთ ინფორმაცია რომელსაც შიგ უშვებთ“. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა მოვერიდოთ  ემოციურად შეფერილი ინფორმაციის მიღებას.


განსაკუთრებით ზოგიერთი მედიის მიერ ისტერიული ტონით მოწოდებულ ინფორმაციას. ისე ფუთავენ და ისეთი ტონით გაწოდებენ მინიმალური საფრთხეც რომ იყოს შენ ამას აღიქვამ და იღებ როგორც მაქსიმალურს. ასეთ შემთხვევაში ჯობია მშრალი ინფორმაცია მოვიპოვოთ ვთქვათ ინტერნეტში. მაქსიმუმი უნდა ვიცოდეთ იმისა რისიც გვეშინია. რაც უფრო კარგად ვიცნობთ ჩვენს მტერს მით უკეთესი არის ჩვენთვის. 

მაგრამ  ეს ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად მშრალი, რაციონალური, ემოციურად ნაკლებ შეფერილი წყაროდან მიღებული. ახლობლებს ვეუბნები ტელევიზორს ნუ გააგიჟებინებთ თავს, არის ინტერნეტი იქ  მოიძიეთ როგორ დავიცვათ თავი, როგორია გადარჩენის გზები და ა.შ. ამასთან ერთად  ბევრი ადამიანი არ  მუშაობს, სახლშია. რისი საშუალებაც აქამდე არ  გვქონდა ის გავაკეთოთ. ავიღოთ კარგი წიგნი წავიკითხოთ,  სასიამოვნო ფილმი ვნახოთ.


საფრთხე არის, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლება ცოდნით და გარკვეული, მინიმალური წესების შესრულებით. ოღონდ ამ ისტერიულ საინფორმაციო ველს გამოვეთიშოთ. მოვიძიოთ მხოლოთ ის რაც დაგვეხმარება არ შეგვეყაროს და ჩვენს ახლობლებს არ შეეყაროთ ვირუსი. მაგრამ მოერიდეთ ისეთს, რაც არ დაგვეხმარება და მხოლოდ ნერვიულობას და უძილო ღამეებს გამოიწვევს.

-   როგორ შეიძლება მოვიქცეთ მაშინ როცა, შიში რაღაც მომენტში მოგერია, ჩაგითრია პანიკამ და ატყობ რომ  კონტროლს კარგავ?


- პანიკის შეტევა თუკი დაიწყო არის ერთი კლასიკური ვარიანტი - ღრმა და ნელი სუნთქვა. ნელი ჩასუნთქვა და უფრო ნელი ამოსუნთქვა.


გამოზომილი და მშვიდი სუნთქვით ნეკნებს კი არ აფართოებ, არამედ ცდილობ მუცელი გამობერო. მუცელი უფრო კონტროლირდება ტვინის მიერ ,ვიდრე ნეკნები  ზოგჯერ ნეკნებში შიში იწვევს სპაზმს. რის შემდეგაც შიშისგან უჭირს სუნთქვა ადამიანს,  მაგრამ მუცელი ბოლომდე ჩვენი კონტროლის ქვეშაა.  მაშინ გადადიხარ მუცლით სუნთქვაზე. გრძელი ჩასუნთქვა და ორჯერ გრძელი ამოსუნთქვა.

არავითარ შემთხვევაში საწოლში ჩაწოლა, თავზე საბნის გადაფარება და სიკვდილის დალოდება. პირიქით - გადით აივანზე თუ ეზოში, რა ვარიანტიც გაქვთ. ჯობია გარეთ გაიხედო შეხედო ბუნებას, ღრუბლებს ბოლოსდაბოლოს.  ყურადღება  გადაიტანო რაღაც კარგზე ისუნთქო ნელა,ზომიერად და ღრმად.

- რამდენად შესაძლებელია ასე ვთქვათ, გონებით შიშთან გამკლავება?


- გონებით შიშის  დამარცხებას არ მოაქვს შედეგი... შიში გაცილებით ადრე გაჩნდა ვიდრე გონება. ამიტომ ერთადერთი საშუალება  გვაქვს ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ჩვენ თუ დავიწყეთ მტკიცება და ჩვენ თავთან დიალოგი იმაზე რომ მაგარი ვარ, არ მეშინია, შიშს დავძლევ, მაშინ  უკვე წაგებული ვართ.

„უნდა ებრძოლო მტერს იქ, სადაც ის არ იბრძვის“,  აღმოსავლური სიბრძნეა ასეთი.


შიში მაშინვე ქრება როგორც კი ყურადღება  იმ გამაღიზიანებლიდან, იმ სტიმულიდან, რომელიც შიშს იწვევს გადაიტან სხვა გამაღიზიანებელზე, ნეგატიური სტიმულიდან ყურადღებას მიმართავ პოზიტიურ სტიმულზე. თუნდაც მზის ამოსვლაზე. დილით ადექი და გახედე მზე როგორ ამოდის და იფიქრე იმაზე რომ იგი კიდევ მილიონი წელი გაანათებს დედამიწას. ანუ სამყარო არ დასრულებულა.

ისეთი არაფერი ხდება რაც ჯერ არ მომხდარა, მილიონს გავუძელით და მილიონს გავუძლებთ, გადავიტანთ. მთავარია, არ ავყვეთ მასიურ პანიკას. გვქონდეს რაციონალური, ზომიერი დამოკიდებულება საფრთხის მიმართ. გვეშინოდეს, რა თქმა უნდა, ჯობია სხვებიც შევაშინოთ გარკვეულ დონეზე, იმისთვის რომ გადავრჩეთ ყველანი.


შიშის გარდა მეორე ემოცია გაჩნდა ხალხში. ერთგვარი აჟიტირების და გააქტიურების. ადამიანები ერთმანეთს ურეკავენ, საუბრობენ გაუთავებლად ესეც ალბათ არის  შიშისგან დაცვის ერთგვარი საშუალება. ადამიანის ტვინი თავად ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

Print