ახალი ამბები
დისტანციური სწავლება იმერეთის სოფლებში ხარვეზებით მიმდინარეობს
FaceBook
ტრადიციულიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა პრობლემურად განსაკუთრებით სოფლების სკოლებში მიმდინარეობს.
იმერეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ონლაინ სწავლებაში ჩართვას, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, ინტერნეტის არ არსებობა უშლის ხელს.

"ქალაქის სკოლები უფრო არიან ჩართულნი, თუმცა სოფლის სკოლის პედაგოგები, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, სხვადასხვა გზით მაინც ცდილობენ მოსწავლეთა ჩართულობას და თიმსით თუ არა, მესენჯერის საშუალებით ეკონტაქტებიან მოსწავლეებს", - ამბობს ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ჯულიეტა ქობალია. 

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინტერნეტის გარეშე მოსწავლეთა, დაახლოებით, 20-25% რჩება. მისივე თქმით, ზოგიერთ სკოლაში ინტერნეტთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკაც არ არსებობს. 

"თუმცა, ეს მას არ ნიშნავს, რომ მასწავლებლებს უყურადღებოდ ჰყავთ ბავშვები დატოვებული. ლაივ რეჟიმები არ აქვთ, მაგრამ ტელეფონით ეკონტაქტებიან მოსწავლეებს და ცდილობენ სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ", - ამბობს მამუკა ჩხეტიანი.

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ივანე კორძაძის განმარტებით, ვანშიც იყო ოჯახები, სადაც მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ, თუმცა მისივე თქმით, ასეთი ბავშვები მეზობლების სახლებიდან ახერხებენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.

"შეიძლება ეფექტური არ იყო სწავლების ეს მეთოდი, მაგრამ მშობლებიც არიან პროცესში ჩართულნი და მაქსიმალურად გვეხმარებიან", - ამბობს ივანე კორძაძე.


განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სკოლებისთვის ბევრი პროგრამა შეუმუშავეს და პროცესი ახლაც გრძელდება.

მათთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე ან კომპიუტერსა თუ პლანშეტებზე, სატელევიზიო პროგრამა იქმნება, რაც სპეციალურ ონლაინ პლატფორმებთან ერთად 30 მარტიდან ამოქმედდება.

"პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა - მეორე არხი, ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის YouTube და ფეისბუქგვერდები. განათლების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები", - ამბობენ სამინისტროში.

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო, საქართველოს სკოლებში სავალდებულო არდადეგები ორი მარტიდან დაიწყო. 24 მარტის მონაცემებით სწავლა, 21 აპრილამდე არ განახლდება. ონლაინ გაკვეთილები 16 მარტიდან დაიწყო, თუმცა სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვა ფაქტობრივად ვერ ხერხდება.



ამავე თემაზე:

სკოლა - სახლში - მასწავლებლების და მოსწავლეების ახალი გამოწვევა და პრობლემები (ვიდეო)
Print