კორონავირუსი
„ცხოვრება ახალი წესებით“ – რა შეცვალა კორონავირუსმა?! (ფოტო)
FaceBook

ისვე, როგორც მთელ ქვეყანაში, ქუთაისშიც, კორონავირუსის გამო შეცვლილი რეალობა განსაკუთრებით შესამჩნევი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გახდა.

თუ აქამდე ადამიანების სიფრთხილეზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის უმნიშვნელო შემცირება მიუთითებდა, მეორე დღეა ახალი რეალობა დაეტყო ქუჩებსაც. ქალაქში, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა, დაკეტილია ყველა დაწესებულება, აკრძალულია საქალაქო მიკროავტობუსების გადაადგილება. სასურსათო მაღაზიებში, ბანკებსა და აფთიაქებში მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია.

ადამიანები ცხოვრების ახალ წესს ნელ–ნელა ეჩვევიან, რაც ძირითადად,  სახლში ყოფნას, გარეთ გასვლის შემთხვევაში კი პირბადითა და რეზინის ხელთათმანით აღჭურვას გულისხმობს. ამას ემატება ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლამდე ხელის დეზინფექცია და სოციალური დისტანცია რიგში ჩადგომის დროს.


რიგები მაღაზიებთან, აფთიაქებთან და ბანკებთან



ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 61 ადამიანია დაინფიცირებული. რვა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ  235 ადამიანი. ხელისუფლება ვირუსის აფეთქებას მარნეულსა და ბოლნისში ელოდება. 22 მარტს მარნეულის მკვიდრს კორონავირუსი დაუდგინდა. ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა, აღნიშნულ რეგიონში მცხოვრებ ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მომხდარის გამო, მთავრობამ ბოლნისი და მარნეული კარანტინის ზონად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. ეწყობა საველე ჰოსპიტალი. მოსახლეობის სურსათით და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგება საპოლიციო კონტროლის ქვეშ ხდება.

Print