კორონავირუსი
ემიგრაციაში „ჩარჩენილები“ – გერმანიაში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ
FaceBook

გერმანიის ქალაქ Bad worishofen–ში სამუშაოდ წასული ქუთაისელი სტუდენტი, გიგი სულაქველიძე სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.


იგი ერთ–ერთია იმ ექვს ემიგრანტს  შორის, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ისინი ვერც ადგილზე გრძნობენ თავს  უსაფრთხოდ და არც სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ. მათ უმრავლესობას უკან დასაბრუნებელი ბილეთი  წინასწარ აქვს აღებული, თუმცა, შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო,  გამომგზავრებას ვერ ახერხებენ
.


გიგი სულაქველიძე 22 წლისაა. იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს–ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. ბავარიის საკურორტო ქალაქში სწრაფი კვების ობიექტში სამუშაოდ ორი თვის წინ ჩავიდა,  თუმცა, ერთი  კვირაა ახალი ვირუსის გავრცელების გამო სამსახურში თითქმის ვეღარ დადის. ქალაქში კომერციული ობიექტების უმეტესობა დაკეტილია.  მინიმუმამდე დაიყვანა სამუშაო საათები მისმა დამსაქმებელმაც. ამის გამო ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩა.


ქართველი  სტუდენტი ქუთაისიპოსტს უყვება, რომ ქალაქში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს საქართველოში დაბრუნებაში ხედავს და მთავრობას სპეცრეისის დანიშვნას სთხოვს.

„ამ ქალაქში ვართ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვეღარ გვამუშავებენ. არ ვიცით კიდევ როგორ დაიძაბება სიტუაცია და გვირჩევნია საქართველოში დავბრუნდეთ. მე 27 აპრილის ბილეთი მაქვს აღებული, მაგრამ არ მგონა მანამდე რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ. გაურკვევველია ანაზღაურების საკითხიც. თებერვლის ხელფასი აღებული მაქვს, 15 მარტიდან 22–მდე უნდა მემუშავა მინიმუმ 40 საათი და ნამუშევარი მაქვს მხოლოდ 4 საათი. როგორც დამსაქმებლები გვეუბნებიან, კონტრაქტის გაუქმება შესაძლებელია. ფრენა როგორც კი იქნება, შეგიძლიათ წახვიდეთო გვითხრეს. სპეციალურ რეისს თუ დანიშნავს ჩვენი მთავრობა, მაშინ შევძლებთ დაბრუნებას, მაგრამ სასწაული ფასი არ უნდა ეღიროს მგზავრობა,  3000 ლარს  ისედაც ვიხდით ბილეთებში“,–ამბობს გიგი სულქველიძე.


ქუთაისელი სტუდენტი  ვირუსის გავრცელების შემდეგ შეცვლილი დღის წესრიგზეც გვიყვება.  ამბობს, რომ ქალაქში პანიკა არ არის, თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის ცარიელია.

„ძირითადად სახლში ვართ.  მხოლოდ სურსათისთვის გავდივართ გარეთ. კაფე-ბარებს და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს ვერიდებით. ხალხი თითქოს  ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ მატარებელში მგზავრების  ნაკლებობა აშკარაა. აქამდე მატარებლით დავდიოდით, ახლა ამაზეც უარს ვამბობთ.  აქ, ბინაში  ოთხი  ქართველი ვცხოვრობთ, მათაც უნდათ წამოსვლა. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, იმედია უფრო გამოფხიზლდება მთავრობა  და რამეს მოიმოქმედებენ“,–ამბობს გიგი სულაქველიძე.


საერთო საცხოვრებელი

ქართველი ემიგრანტებისთვის პრობლემაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და  სალეჩოსთან კომუნიკაციაც. მათ არ აქვთ ადგილობრივი  სატელეფონო ბარათები, რის გამოც ვერ ახერხებენ შესაბამის უწყებებთან დაკავშირებას.

ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად ქუთაისიპოსტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებას მივაწოდეთ ქუთაისელი სტუდენტის, გიგი სულაქველიძის მონაცემები. სამინისტროში გვითხრეს, რომ გერმანიაში მყოფ ყველა ემიგრანტს, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, დაეხმარებიან.

 

Print