კორონავირუსი
პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
FaceBook

საქართველოს პარლამენტმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებას კენჭი უყარა.

დეპუტატებმა,  115 ხმით, შესაბამისი ღონისძიებების ამოქმედებას მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატების ნაწილმა  საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ის ღონისძიება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც იკრძალება 10–ზე მეტი ადამიანის თავყრილობა. მათი თქმით, ამით მორწმუნე ადამიანებს საღვთო ლიტურგიებზე დასწრების უფლება ეზღუდებათ.


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებლობით ახსნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასეთი ზომების მიღებას აზრი აქვს მანამდე, ვიდრე ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა.


„შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ მკაცრ მიდგომებს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მანამდე აქვს აზრი, ვიდრე ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა. ჩვენ შემოგვაქვს მხოლოდ აუცილებელი შეზღუდვები და არა ექსტრემალური. არ იზღუდება არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის არც კომენდანტის საათის გამოცხადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო. საგანგებო რეჟიმი 21 მარტიდან ამოქმედდება და 21 აპრილამდე გაგრძელდება.


საგანგებო ღონისძიებების  ნუსხა მოიცავს შემდეგ ზომებს: იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები; საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვების; დგინდება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები; იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა; ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის წესები.

წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს  ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირზე კი 15 000 ლარს. იგივე ქმედება განმეორებით,  დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებები უკვე ამოქმედდა.

 

რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა ნახეთ აქ.

 

Print