კორონავირუსი
რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა
FaceBook
საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის,
მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;

ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს _ აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიული ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

ვ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე დროებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის გარდა; დროებით გადაყენებული პირები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;

ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება;

ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;

ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა:

1. თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.);

2. გადაადგილების თავისუფლება;

3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
4. გამოხატვის თავისუფლება;

5. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;

6. საკუთრების უფლება;

7. შეკრების თავისუფლება;

8. შრომითი უფლებები.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით ცხადდება. 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

Print