კორონავირუსი
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
FaceBook

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება , ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.


"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მედიას არ ეხება, პრემიერი მედიის წარმომადგენლებს პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა.

"რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბოთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა", - განაცხადა გახარიამ

საქართველოში ამ დროისთვის კორნავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი პირი გამოჯამრთელებულია და თვითიზოლაციაში იმყოფება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 პირი.

საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.


 

Print