კორონავირუსი
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟმში მიმდინარეობს. 

როგორც ბაზრის დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, პრევენციული ღონისძიების მიზნით აქტიურად ირეცხება ბაზრის ტერიტორია, ასევე სპეციალური ხსნარებით მუშავდება დახლების ზედაპირები.

,,ყოველ მეორე დღეს აქტიურ რეჟმში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ბაზრის ტერიტორიაზე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე. თუმცა, ეს სამუშაოები ხელს არ უშლის ბაზრის ფუნქციონირებას, რადგან ყველა პრევენციული ღონისძიება სამუშაო საათების შემდეგ ტარდება," - ამბობს ცენტრალური ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვლიანი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები გასცა.  

"გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;  სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ნსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;  ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;  ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით," - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციაში.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
Print