რჩევები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აზიური ფაროსანას მექანიკურად განადგურებას ურჩევს
FaceBook
აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებისას, გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალების, მისი მექანიკურად განადგურებას ურჩევს.

სააგენტოს ცნობით, მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ ბრძოლა, სწორედ, თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს.

მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით კი, მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

სახლებში შესულ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდით მათი მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურებაა. ასევე, შეგიძლიათ დაამზადოთ მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. ასეთ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და
ანადგურებენ მექანიკურად.

"არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა. გახსოვდეთ, რომ ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას," - მოუწოდებს მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტო.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაძლებელია ჩატარდეს ქიმიური წამლობა. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევით ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების წესების და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვით.

გამოზამთრერბის შემდეგ აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, იწყებს მცენარეებით კვებას და კვერცხდებას. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს, მათ შორის ერთ კერაში 30-მდე კვერცხს ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფებად. კვერცხი თეთრი ფერისაა და გამოჩეკვის წინ იღებს ოქროსფერ შეფერილობას.

4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ - მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია. ფაროსანას ახასიათებს განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშებზე - თეთრი ზოლები.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და
გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მოსახლეობას აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატებს და ხაფანგებს მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაურიგებენ.

Print