რჩევები
ოსტეოართრიტი და მისი მკურნალობის გზები - სპეციალისტის რჩევები
FaceBook

რა არის ოსტეოართრიტი? რა ახასიათებს მას და როგორია მისი მკურნალობის გზები, ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისიპოსტს წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის რევმატოლოგი, ლალი მაკარიძე ესაუბრება.


რა არის ოსტეოართრიტი?

ეს ართრიტის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. ის ნელა ვითარდება და  ჩვეულებრივ, არ იწვევს შრომისუნარიანობის სერიოზულ დარღვევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სპეციალისტი მას სწორად მართავს. 60 წელს გადაცილებული ადამიანების თითქმის ნახევარი და თითქმის ყველა, ვინც 80 წელს გადააბიჯა, ოსტეოართრიტით არის დაავადებული. თუმცა, ახლანდელ დროში ახალგაზრდების ავადობის შემთხვევებიც აღირიცხება.

ოსტეოართრიტი სახსრის ნორმალური სტრუქტურების მექანიკური დარღვევების, კაფსულის პათოლოგიური შეცვლისა და ხრტილის დაზიანების შედეგად ვითარდება. ის უმეტესად მსხვილ სახსრებს უტევს და აზიანებს მუხლის, ბარძაყის სახსრებს, ხერხემალს. პათოლოგიური პროცესი ხშირად ზედა კიდურების სახსრებზეც ვრცელდება.

ამ დროს რა ცვლილებები ვითარდება სახსრებში?

სახსარი ძვლების მოძრავი შეერთების მექანიზმია, რომელშიც ძვლების დაბოლოებები ერთმანეთს სასახსრე ჩანთაში ხვდება. აქ არსებული ძვლების ბოლოები დაფარულია ჰიალინური ხრტილის თხელი ფენით, რომელიც ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს არ შეიცავს. მოძრაობის დროს ხრტილი ამცირებს ძვლოვანი დაბოლოებების ერთმანეთზე ხახუნის ძალას და მათ ერთმანეთზე სრიალს უზრუნველყოფს.

სახსარში არსებული ძვლები ერთმანეთთან მყესებითა და იოგებით არის დაკავშირებული, რომლებიც სასურველი მიმართულებით მოძრაობას უწყობს ხელს. ისინი ყოველი მხრიდან დაფარულია სახსრის კაფსულით. კაფსულა, თავის მხრივ, ამოფენილია თხელი სინოვიური გარსით, რომელიც გამოიმუშავებს სასახსრე სითხეს.

სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ჰიალინური ხრტილის კვებას და, ამასთან, ძვლების დაბოლოებათა საუკეთესო საპოხადაც ითვლება. სინოვიური გარსის (სინოვიტი) ანთება, სახსარში სისხლის ჩაღვრა (ჰემართროზი) ხელს უწყობს სახსარში დეგენერაციულ-დისტროფიული და ანთებითი პროცესების განვითარებას. ოსტეოართროზის დროს პირველ ძირითად ცვლილებად ხრტილის დარბილება და მის პრიალა ზედაპირზე ჩანაჭდევების წარმოქმნა მიიჩნევა. ართრიტის პროგრესირების დროს ხრტილის ფენა, რომელიც ძვლების ზედაპირებს ფარავს, თანდათან თხელდება, თითქმის მთლიანად ქრება და ძვლების ბოლოებს დაუცველს ტოვებს.

ნორმალური სრიალა ზედაპირის გარეშე სახსარში მოძრაობა მტკივნეული ხდება. ვინაიდან ხრტილის დაშლა გრძელდება, სახსრის კიდეებზე ძვლოვანი წანაზარდები ჩნდება, რომელიც თითქოს ხრტილის დანაკარგის კომპენსირებას ახდენს სასახსრე ზედაპირების გადიდების გამო. ეს ართრიტის დროს სახსრის დეფორმირების მიზეზი ხდება.

რა არის გამომწვევი მიზეზი?
ასაკი, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება რისკი. აგრეთვე, სქესი. ართრიტების უმეტესობა ხშირად ვითარდება ქალებში. შეიძლება იყოს გენეტიკური განწყობაც, რევმატოიდული არტრიტი, წითელი მგლურა, მაანკილოზებელი სპონდილიტი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორებით.
ასევე, ჭარბი წონა. სხეულის წონის მატება ხელს უწყობს მუხლის სახსრის ართრიტის განვითარებას და უკვე არსებულის გაუარესებას. ტრავმა, იმ შემთხვევაში თუ გამოიწვია სახსრის ხრტილის დაზიანება. ინფექციები, ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები, რომლებიც იწვევენ სახსრის ანთებას და 
სამსახურეობრივი ფაქტორი - სახსრის მუდმივი დატვირთვა.


რა არის ოსტეოართრიტის სიმპტომები?


ეს დაავადება ხშირად რამდენიმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაშინაც კი, როდესაც რენტგენის სურათებზე კარგად ჩანს სახსარში არსებული ცვლილებები. ამ დროს შესაძლოა ერთმანეთს ენაცვლებოდეს სახსრის ძლიერი ტკივილები და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდები. ხანდაზმულთა უმრავლესობა სახსრებში შეტევით ტკივილს გრძნობს, რომელიც მალე გაივლის ანდა მცირდება დასვენების დროს თუ სითბოს ადგილობრივი ზემოქმედებით, ზოგჯერ კი სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული და შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ სიმპტომს.


კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში და როგორ ვლინდება ტკივილი?
ოსტეოართრიტის ტკივილის ხშირი მდებარეობაა: მუხლები, მენჯ–ბარძაყის, ფალანგების შუა ან დისტალური სახსრები, ცერის უნაგირისებრი სახსარი და სხვა. ტკივილი არის მჩხვლეტავი და დამაუძლურებელი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამით, დაძაბვის ან ე.წ. "გახურების" პროცესში.

როგორ ვუმკურნალოთ ოსტეოართრიტს?

მკურნალობა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ ღინისძიებებს, კერძოდ იმ ფაქტორების დროულ გამოვლინებასა და აღკვეთას, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას. მკურნალობა მოიცავს: ფიზიოთერაპიას, რეაბილიტაციას, თერმოთერაპიას, კრიოთერაპიას, მასაჟს, ელექტროთერაპიასა და ორთიპედიულ ტექნიკურ საშუალებებს. კარგ შედეგს იძლევა ველოსიპედით სიარული, ცურვა; დაავადების ადრეულ სტადიებზე, ზოგჯერ ეფექტურია ბალნეო და ტალახით მკურნალობა.

მკურნალობის დროს ასევე, მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავის ინექციებსა და სიმპტომურ ნელამოქმედ საშუალებებს, როგორიცაა გლუკოზამინი, ქონდროიტინი, დიაკერეინი და სხვა. ასევე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა სამკურნალო პროცედურები სახსარშიდა ინექციები და სახსრის ლავაჟი. დაზიანებული სახსრის მიშვნელოვანი დარღვევებისას, მყარი ტკივილების დროს ტარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები.

 

Print