რჩევები
მოზარდების თავისუფალი დროის დაგეგმვა – რჩევები მშობლებს
FaceBook
ფსიქოლოგები მშობლებს გადამზადებას ან სპეციალისტებთან კონსულტაციას ურჩევენ.


თუ მოზარდი ხშრად ღიზიანდება, ნერვიულობს, გამოხატავს ფიზიკურ აგრესიას მშობლების მიმართ, არის გაუგონარი და სკოლაში წასვლა არ სურს, მშობელი ბავშვის თავისუფალი დროის დაგეგმვას უნდა შეუდგეს.

როგორც აღმოჩნდა, ამ მიზეზების გამო, მშობლები კონსულტაციისთვის ფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ.

ფსიქოლოგი, ეკა გვეტაძე განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში, თავისუფალი დროის დაგეგმვა, ერთ–ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

"მოზარდის აქტივობა უნდა მოიცავდეს, მაგალითად, მულტფილმის ან ფილმის მშობლებთან ერთად ყურებას, მხატვრული ლიტერატურისთვის დროის დათმობას. წიგნის ან ფილმის დასრულების შემდეგ, ოჯახის თითოეულმა წევრმა საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას, რა მოეწონა, არ მოეწონა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ჩვევები ჩვენთან არ არის დამკვიდრებული," – ამბობს ეკა გვეტაძე.

ფსიქოლოგი ამ მიზნით მშობლებს გადამზადებას ან სპეციალისტებთან კონსულტაციას ურჩევს.

ეკა გვეტაძე ამბობს, რომ შეცდომა, რომელსაც მშობლები მოზარდებთან ურთიერთობაში აწყდებიან, მათი კომპიუტერდამოკიდებულებაა. ფსიქოლოგები კომპიუტერთან ყოფნის მაქსიმალურ დროდ, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, დღეში 40 წუთს ასახელებენ.

"როცა მშობელს კომპიუტერთან უზის შვილი, ჰგონია, რომ უსაფრთხოდ ჰყავს, რადგან მის თვალწინაა და მაგალითად, არა ეზოში ან ქუჩაში. თუმცა, ამ დროს ვერ ხვდება, თუ როგორ სერიზულ შეცდომას უშვებს. კომპიუტერდამმოკიდებულება ეს თანამედროვე სენია, რომლისგანაც უფროსებმა მოზარდები უნდა გაარიდონ," – აღნიშნავს ეკა გვეტაძე.

ფსიქოლოგი კომპიუტერთან ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილ უარყოფითი ადრენალინის დადებითით შეცვლის ხერხებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ცურვა, ცხენოსნობა და ლაშქრობებზე გასვლა საუკეთესო გამოსავალია.

"ბუნებაში გასვლა, კარვის გაშლა და იქ ღამის გათევა, იმოდენა ადრენალინია, რომ შეიძლება ამაზე ნელ–ნელა გადმორთო ბავშვი, ხოლო პირდაპირ კომპიუტერის გამორთვით მშობლები უარესს შედეგს მიიღებენ," – განმარტავს ფსიქოლოგი.

ეკა გვეტაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა წრეებზე მოზარდის ტარება მნიშვნელოვანია, მთავარია, ეს პროცესი თვითონ ბავშვს სიამოვნებდეს. მისი რჩევით, ასევე მშობლებმა მოზარდის არც ეზოში სათამაშოდ გაშვებისაგან უნდა შეიკავონ თავი.

ფსიქოლოგი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები საოჯახო საქმეებში დაიხმარონ. თუმცა, მათი ინსტრუქცია ბრძანებებს და შეურაცხყოფას არ უნდა შეიცავდეს, რის გამოც ბავშვის თვითშეფასება დაეცემა.



Print