რჩევები
ლაზერული ეპილაცია - რჩევები პროცედურების ჩატარებამდე და შემდეგ
FaceBook
საქართველოში ჭარბთმიანობის გენეტიკური პრობლება მწვავედ დგას, რის გამოც პაციენტები ლაზერულ ეპილაციას ხშირად მიმართავენ.

დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები განმარტავენ, რომ ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა, თუმცა რისკ-ფაქტორების იგნორირების შემთხვევაში, პაციენტი, შესაძლოა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

შესაბამისად, სპეციალისტები ლაზერული ეპილაციის პროცედურების ჩატარებამდე, ექიმის კონსულტაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

"ორსულობის პირველ ტრიმესტრში, სიმსივნური პროცესის და უკუჩვენებების ქონის შემთხვევაში, ლაზერული ეპილაცია დაუშვებელია," - ამბობს კლინიკა "მედის"ქუთაისის ფილიალის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი მარიამ სინაურიძე.

მისივე რჩევით, ჰორმონალური დარღვევის დროს, პაციენტებმა ექიმს უნდა მიმართონ, რადგან ეს უკვე პათოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში იჩენს თავს.

დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები პაციენტებს ლაზერული ეპილაციის პროცედურების ჩატარების შემდეგ გარკვეულ რჩევებსაც აძლევენ, რომელიც მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

"სანამ ეპილაციას მიმართავენ, კანი არ უნდა იყოს მინიმუმ 2 კვირა განარუჯი და საპრევენციოდ, ეპილაციის შემდეგაც უნდა მოერიდონ 2-3 დღე სოლარიუმსა თუ მზის სხივზე ყოფნას. კანზე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მზის დამცავი ფილტრის გამოყენება. ასევე, ლაზერული ეპილაციის პროცედურის დასრულებიდან უახლოესი 2-3 საათი უნდა თავი უნდა შეიკავონ კანის წყლით დასველებისაგან," - ამბობს მარიამ სინაურიძე.

დერმატოლოგ-კოსმეტოლოგის რჩევით, ლაზერული ეპილაციიდან 1 საათის შემდეგ, თუ პაციენტს კანზე სიწითლე აღენიშნა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასევე, არაა რეკომენდირებული ეპილაციის პროცედურის დღეს სახის კრემის გამოყენება.

Print