ქუთაისის # 26-ე უბანზე გადასატანი ყუთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემამდე დაილუქა
FaceBook
ქუთაისის # 26 -ე უბანზე გადასატანი ყუთი მანამდე დაილუქა, ვიდრე ამომრჩეველი ხმას მისცემდა. თინა ჟორჟოლიანს,  რომელიც უბანზე თავად მივიდა, ყუთი დალუქული დახვდა და ხმის მიცემა ვერ შეძლო.

# 26-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის ნორა ჩუბინიძის თქმით, თინა ჟორჟლიანის მისამართზე კომისიის წარმომადგენლები  მივიდნენ, თუმცა, ამომრჩეველი ადგილზე არ დახვდათ.  მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას მისამართი შეცდომით ჰქონდა მითითებული.

"გადასატანი ყუთი ილუქება მას შემდეგ, რაც პროცედურა დასრულდება. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ქალბატონ თინასთან, მაგრამ იგი მითითებულ მისამართზე არ აღმოჩნდა. დავლუქეთ ყუთი, რატომ უნდა დავლოდებოდი მე საოლქოს? შემდეგ,  როცა მოვიდა ის ქალბატონი, დავურეკე კურატორს, იურისტს და გვითხრეს, რომ ვინაიდან ძირითად სიაში არ იყო ეს ამომრჩეველი მითითებული, მას ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა",-განაცხადა ნორა ჩუბინიძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.  

კომისიის თავმჯდომარის თქმით, გადასატანი ყუთით კიდევ ერთმა ქალბატონმა ვერ ისარგებლა, რომელიც მოცემულ მომენტში სხვა რაიონში იმყოფება. 

# 26-ე უბანზე გადასატანი  ყუთის სიაში   7 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან ხმის მიცემა მხოლოდ 5-მა შეძლო. 

აღნიშნულ უბანზე სულ 1241 ამომრჩეველია.

15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი უკვე 345-მა მათგანმა დააფიქსირა.
Print