მულტიმედია
მწვანე პასპორტით დასჯილი ბიზნესი
FaceBook
ცარიელი მაგიდები დაცარიელებულ დარბაზებით - ეს ქუთაისის სარესტორნო ბიზნესის რეალობა გახდა მწვანე კონცეფციის ამოქმედებისთანავე.
ადგილობრივი რესტორნის მეპატრონეები ჰყვებიან, რომ პანდემიისგან მიყენებული ზარალიდან ჯერ არ გამოსული ბიზნესისთვის, მწვანე კონცეფცია ის დამატებითი ტვირთია, რასაც შესაძლოა რესტორნების დახურვა მოჰყვეს.



რა ხდება ქუთაისის ბარ-რესტორნებში


ბარ-რესტორანი ,,ეპოქა" ქუთაისში პანდემიის დროს წამოწყებული ბიზნესობიექტია. ბარ-რესტორნის მენეჯერის, ირაკლი კაკაბაძის თქმით, დამფუძნებლებისთვის მთავარი გამოწვევა კოვიდრეგულაციების სწორად შესრულება და ამ გზით ბიზნესის შენარჩუნება გახლდათ. თუმცა, მას შემდეგ რაც მწვანე პასპორტები შემოიღეს, ობიექტში მომხმარებელი პრაქტიკულად გაქრა.

,,რამდენიმე დღე არავის მოსულა, მარტო ჩვენთან კი არა, ყველა რესტორანი ასე იყო, რადგან მომხმარებელი გაურკვევლობაში იყო, ვერ გაეგო ვის ჰქონდა უფლება შემოსვლის და ვის არა",- ამბობს რესტორნის მენეჯერი.მას მიაჩნია, რომ მწვანე პასპორტის რეგულაცია გადასახედია, რადგან ბიზნესს სახელმწიფოსგან ზრუნვა სჭირდება.



რესტორან ,,ამირანს" თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე ცოტა მომხმარებელი ახლა ჰყავს. რესტორნის მენეჯერის ია გამეზარდაშვილის თქმით, ყველაზე მეტად ბიზნესზე მწვანე პასპორტმა იმოქმედა.

,,ჯერ ეპიდვითარება, შემდეგ სხვა რეგულაციები, საბოლოოდ კი მწვანე პასპორტი, ეს ყველაფერი ბიზნესზე და ფინანსებზე აისახება",- ამბობს ია გამეზარდაშვილი.

რესტორატორები ამბობენ, რომ ლაბორატორიის დაქირავება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

,,საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ლიცენზირებული ამბულატორიის დაქირავება, თუმცა ეს ხარჯი გვიღირს, ამით მომხმარებელს უფრო შევინარჩუნებთ",- ამბობს ირაკლი კაკაბაძე.


მწვანე პასპორტი

რას ფიქრობენ მოქალაქეები ?


ქუთაისელი სტუდენტი ნინი ლომთაძე კაფე-ბარების ხშირი მომხმარებელია. თუმცა ამბობს, რომ ქალაქში, სადაც ახალგაზრდების გასართობი სივრცეების დეფიციტია, მწვანე პასპორტების ამოქმედებამ, მათ დასვენების ერთადერთი გზაც ჩაუკეტა.

,,რესტორანში, ან კაფეში ერთი შესვლისთვის გამოდის 70 ლარი უნდა გადავიხადო, ეს უფლებების შელახვაა აბა რა არის, მე ვეწინააღმდეგები მწვანე პასპორტს",- ამბობს ნინი, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგია, თუმცა თვლის რომ რეგულაციების დაცვა საკმარისია სხვადასხვა საჯარო სივრცეში ადამიანის თავისუფლად გადაადგილებისთვის.

,,თუ პირბადე მიკეთია და ვიცავ ყველა წესს, რატომ უნდა შემეზღუდოს თავისუფლად ყოფნა? ეს ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობად მიმაჩნია" - ნინის მსგავსად, ვაქცინაციის წინააღმდეგია გიორგიც. თუმცა ნინისგან განსხვავებით, მას არცერთ კაფე-ბარში შესვლა არ ეკრძალება. ეს იმიტომ, რომ გიორგიმ კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ გადაიტანა და უვადო მწვანე სტატუსი აქვს.

ლიზისგან, გიორგისგან და ნინისგან განსხვავებულად ფიქრობს ,,მწვანე პასპორტებზე" ანიტა.

,,ასე უნდა იყოს ზუსტად. ყველა უნდა აიცრას და ყველგან დაცული იყოს ჯანმრთელობა, კაფეშიც და თეატრშიც. მე აცრილი ვარ. არც გადაადგილება მეზღუდება და თავს დაცულადაც ვგრძნობ. ყველას მოვუწოდებ აიცრას",- ამბობს ანიტა თორდია.



რას ამბობს შრომის ინსპექცია


საქართველოს შრომის ინსპექციის ინფორმაციით,ის დაეხმარება როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს, იმისთვის, რომ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით.

,,ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ ყველას, რომ უპრობლემოდ გადმოწერონ ის სერვისები, რომელიც ,,მწვანე პასპორტით" სარგებლობის საშუალებას მისცემს",- აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

,,კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ, არ შევიდნენ შეცდომაში და არ ისარგებლონ არალიცენზირებული კოვიდტესტებით", - წერია შრომის ინსპექციის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

კოვიდრეგულაციების დაცვის წესს სხვადასხვა ობიექტებზე შრომის ინსპექცია და პოლიცია ამოწმებს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება.

როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, დაწესებულებებში ჩატარდება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური ინსპექტირება.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის თქმით, მწვანე კონცეფცია უშინაარსო და არაფრის მომცემია.

"ჩვენი მთავრობა კოპირებას აკეთებს რამდენიმე უცხოური ქვეყნის გამოცდილებიდან, რომელ გამოცდილებასაც იმ ქვეყანაში ათობით და ასობით ათასიანი გამოსვლები მოჰყვება,როგორც ჩანს მთავრობას შეზღუდვების გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს მაშინ, როცა არსებული შეზღუდვების პირობებში, ისედაც რთულ მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი.დღეს ჩვენს სფეროში არსებობს სეგმენტი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე დაზარალდა და გრძელვადიანში უფრო მეტ ზიანს მიიღებს. განსაკუთრებით, რეგიონები.ყველაზე მთავარი, რაც აქ არის, დიდ და საშუალო რესტორნებს მომხმარებლები ძალიან დააკლდათ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცენტულად შედარებით ცოტაა ის, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.მწვანე პასპორტს შედეგი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ნებაყოფლობითი გახდებოდა და ყველა ბიზნესის წარმომადგენელი იზრუნებდა თავის უსაფრთხო გარემოზე",- ამბობს კოტე გაბრიჩიძე, რომელსაც სარესტორნო ბიზნესში მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს.

მისივე თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა სარესტორნო ბიზნეს ოპერატორებზე არ ამართლებს, რადგან მოსახლეობის 60% ჯერ კიდევ აუცრელია, ბიზნესი კი სწორედ ამ ადამიანებს კარგავს. მისი თქმით, პასპორტის იდეა იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება იყო, თუმცა საბოლოოდ ის ნეგატიურად სწორედ ბიზნესობიექტებზე აისახა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 36,%-ია, გამოდის, რომ მთავრობის რეგულაციამ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით იმუნიზაციის პროცესი ვერ დააჩქარა და მხოლოდ ბიზნესი დააზარალა, რომელიც თითქმის ორი წელია გადარჩენისთვის იბრძვის.

Print