მულტიმედია
“სოფლის მაშენებლები” ხარაგაულიდან (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

„ადამიანმა რეალიზება თავის ქვეყანაში და სოფელში უნდა შეძლოს“, - გადაწყვიტა ნიკა  მანჯავიძემ და ათი წლის შემდეგ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა.


ჯერ თბილისში გაჩერდა,  მერე, ოჯახთან ერთად, ლაშეს მიაშურა. მშობლიურ მხარეში იქაურობის სიყვარულმა დააბრუნა, მაგრამ ჩასულმა იფიქრა, რომ “სოფლის შენება” უნდა დაეწყო. აღმოჩნდა, რომ მის განწყობას სხვა ახალგაზრდებიც იზიარებდნენ, აიკაპიწეს მკლავები და შეუდგნენ საქმეს.

ჯერ კიდევ გაზაფხლზე, ზოგმა ხელში სათიბი აიღო, ზოგმა ცული, ზოგმა ხერხი და ზოგმაც თოხი.  ბიჭებმა ეკალ-ბარდებით სავსე ტერიტორია გაწმინდეს და იქ დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყეს. ჯაბას, მერაბს, მურმანს და კიდევ სხვა ბევრ ლაშელს, ნიკას მსგავსად სჯერათ, რომ სოფელზე თავად უნდა იზრუნონ და ისეთი გარემო შექმნან, სადაც დიდსა თუ პატარას ესიამოვნება ცხოვრება.

„ხანდახან როგორც დავგეგმავთ, ისე არ გამოგვდის, ფანტაზია და  კონკრეტული ადგილი სხვანაირ სილამაზეს ითხოვს. ჩვენც გვინდა, რომ ყველაფერი სანახაობრივი, გემოვნებიანი და ლამაზი იყოს“, - გვიყვება ჯაბა ჩახვაძე და აგრძელებს ფიცრების ხერხვას. 

.

ძელსკამები  და მაგიდები გადაყრილი ხის მასალისგან შეჭედეს, დეკორაციისთვის ქვები გამოიყენეს, სკვერის  გვერდით კი საერთო სარგებლობის ბოსტანი გააშენეს.


„ესენი არიან ინიციატივიანი ბიჭები, რომლებსაც  მთების გადადგმაც შეუძლიათ“, - სჯერათ უფროსებს. 60 წლამდე ასაკის ბადრი ხარატიშვილი უყურებს, თუ როგორ იცვლება მის თვალწინ სოფელი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.

„როდემდე უნდა დავლოდებოდით მთავრობას, თუნდაც ადგილობრივს, რომ აქ სკვერის მოწყობას მოიფიქრებდა. ამ ადგილას საბჭოთა დროს რაღაც საწარმო იყო, მისი დაშლის შემდეგ გავერანებული იყო ეს ადგილი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, საკუთარი კუთხის, სოფელი იქნება თუ ქალაქი, მოვლა-პატრონობა“.

საკუთარის მოვლა-პატრონობა ნიკამ გერმანიაში ისწავლა.  იქ გააცნობიერა, რომ სახლის ზღურბლს იქით რაც არის, ისიც მისია. ამბობს, რომ ოჯახთან ერთად წასვლის შესაძლებლობა დღესაც აქვს, მაგამ ეს ქვეყნის და კუთხის ღალატად მიაჩნია.




ბიჭები სოფელში  ყველა კუთხე-კუნჭულის ათვისებას და სწორად გამოყენებას აპირებენ. მაგალითად,  სოფლის ყოფილი კულტურის სახლის მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობა აქვთ დაგეგმილი. ამისთვის ტერიტორია უკვე მოამზადეს.

მართალია, სკვერს ჯერ საბოლოო სახე არ აქვს, თუმცა, ტერიტორია უკვე იქცა შეკრების ადგილად. მის დასრულებას ლაშელები აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავენ, მაგრამ საღამოობით კინოჩვენებებს იქ უკვე მართავენ.


ამ ადგილზე სტადიონი უნდა მოაწყონ

ციფრული ტექნოლოგიების პირობებში, როცა ადამიანები სოციალურ ქსელებში ან კომპიუტერულ თამაშებში “იკარგებიან”, უშუალო კომუნიკაციას ლაშეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომაც შრომობენ და ერთობიან ერთად. ასე იყო 2019 წლის დადგომისას, როცა სოფელი, საკუთარი ძალებით, მორთეს. ლაშე, სავარაუდოდ, ერთადერთი პატარა დასახლებაა, სადაც ბავშვებს ბრდღვიალა და ფერადი ახალი წელი ჰქონდათ. მაშინ იდეა მოზარდებს გაუჩნდათ, თუმცა უფროსებმა მათ მხარი აუბეს და მას შემდეგ აღარ გაჩერებულან.


ლაშეში ბავშვების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მიგრაციამ სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე დატოვა. სკოლაში კი მხოლოდ 20 მოსწავლეა.


„ჩვენი სურვილია სკოლის შენობაში საბავშვო ბაღი გაიხსნას, რადგან მოსწავლეების სიმცირის გამო ყველა ოთახი ისედაც არ არის ათვისებული. თუმცა, გვითხრეს, რომ სულ მცირე სოფელში 10 ბავშვი უნდა მოგროვდეს, რომ ბაღმა იმუშაოს“, - ამბობს ნიკა, რომელსაც ძალიან უნდა მისმა სამი წლის შვილმა ის უარ-ჩვევები შეიძინოს, რასაც სკოლამდელი დაწესებულება პატარებს აძლევს.

ერთი შეხედვით მხიარული სოფელი მუდმივად ებრძვის უპერსპექტივობას.


ქალები სამუშაოდ უცხოეთში მიდიან, ხოლო ახალგაზრდების  ნაწილი თბილისში, სხვადასხვა სამუშაოზე საქმდება.


სოფელში დარჩენილი მოსახლეობა თავს მესაქონლეობით ირჩენს. თუმცა, მათაც ჰყავთ „მტერი“  - რკინისგზა. პირუტყვი ლიანდაგზე იხოცება.

„მატარებლებს პირუტყვი უვარდება, რადგან ვერ ასწრებენ გადასვლას და გავნადგურდით, მუნიციპალიტეტს ვთხოვეთ დახარება, რომ რაღაცნაირად შემოეღობა, მაგრამ არავინ  ყური არ გვათხოვა“, - შემოგვჩივლეს ლაშელებმა.

ლაშე ერთ-ერთია 78 სოფლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მერიაში ამბობენ, რომ რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხები მათ არ ეხება, თუმცა მზად არიან სოფელს შესაბამის უწყებასთან უშუამდგომლონ და პრობლემის მოგვარებში დაეხმარონ. იმასაც ამბობენ, რომ ლაშე ერთადერთი და განსაკუთრებულია, მაგრამ იქაურ ახალგაზრდებს ვერაფრს სთავაზობენ.


„პერსპექტივა ჰქონდეთ სოფლებს, ეს ჩვენ ძალებს აღემატება. მწირი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სოფლის გზა, ამბულატორია და გაზიფიცირებაა, რაც თითქმის  ყველა სოფელში ხორციელდება ვიცით ამ ახალგაზრდებზე და გვინდა რომ გავაპიაროთ ისინი“, - ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

მუნიციპალიტეტი არანაირი ფორმით არ არის ჩართული ლაშეს კეთილმოწყობაში. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ მიმართვას აზრი არ აქვს, მერიაში კი სწორედ მათ თხოვნას ელოდებიან „ყველანაირად გვერდში რომ დაუდგნენ“.


“სოფლის მაშენებლები” კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები სოფელში ზაფხულობით მაინც ბრუნდებოდნენ, რომ იქაურობა განსაკუთრებულ ადგილად აქციონ, საიდანაც არავინ მიდის. არადა 2014 წლიდან დღემდე 395 ოჯახიდან დაახლოებით 250 დარჩა.

ავტორები: თეკლე მორგოშია; ლანა კოკაია
Print