ახალი ამბები
"ტორპედოდან" ბოტანიკურ ბაღში - "შოთა მურღულიამ მითხრა, სადმე ვნახავ ადგილს და გადაგიყვანო"
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ახალი ხელმძღვანელი თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ არ იცის რა ვადით დაინიშნა დაკავებულ თანამდეობაზე.

"დანიშვნა არ ხდება ვადებით. ვადა რატომ უნდა ეწეროს, მაგი შეიძლება იყოს როცა ხელშეკრულებით აიყვან ადამიანს ერთი წლით ან ორი წლით. ხვალ რომ დავწერო განცხადება, რა ვადა მეტყვის, რომ ვადა არ გაგსვლიაო. ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს. რამდენ ხანს გავუძლებ მე, რამდენ ხანს გამიძლებენ ესენი", - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი და ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვერ შეძლებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, პოსტს დატოვებს.

თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტი იყო. აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"როცა წამოვედი იქედან, მაშინ მითხრა შოთამ [ქუთაისის მერი], რომ იყავი პატარა ხანიო, სადმე ვნახავ ადგილს და გადაგიყვანო, როგორც კი გამოთავისუფლდა ეს ადგილი, ესეც მერიის ააიპ-ია, აქ დავინიშნე", - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.

ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ეკა მამისეიშვილის თქმით, ამ დროისთვის ჩეჩელაშვილი ბრძანების საფუძველზე ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული. რაც შეეხება ვადას, როგორც მერიაში განმარტავენ, ჩეჩელაშვილი უფროსის მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე ქალაქის მერი დირექტორს არ დანიშნავს.

"კარგი მენეჯერი, ერუდირებული, განათლებული, ქუთაისზე შეყვარებული აქტიური მოქალაქე და საქმისადმი ერთგული", - ასე აფასებენ მერიაში ბოტანიკური ბაღის ახალ უფროსს.

თემურ ჩეჩელაშვილი ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად თანამშრომლებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 4 აგვისტოს წარუდგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა დაკავებული პოსტი პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ორაგნიზაციაში გადასვლის გამო დატოვა.


Print