ახალი ამბები
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად
FaceBook
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს გააცნო კანონმდებლობის ის რეგულაციები, რომელიც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.

"რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, უკვე შეუძლიათ გამოცხადდნენ იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცედურის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

"გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს, მიმდინარე წლის 7 ოქტომბრამდე, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს", - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
Print