ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების  შემაჯამებელი ოქმები შეადგინა.
არჩევნების საბოლოო შედეგები საოლქო კომისიამ უკვე გადაუგზავნა ცესკოს. 

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს. დღესვე გახდება ცნობილი როდის გაიმართება მეორე ტური. 
საქართველოს მასშტაბით, მეორე ტური ერთ თვითმმართველ ქალაქსა და 5 თვითმმართველ თემში გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, ყველა აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა, მათ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ბარიერი ვერც მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გადალახა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი, რომ მას მეორე ადგილზე გასული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კონკურენციას არ გაუწევს, რადგან "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თუმცა, ისინი უარს არ ამბობენ საკრებულოებში მიღებულ მანდატებზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატების ბიულეტენები არჩევნების მეორე ტურისთვის სამ ქალაქში: ქუთაისში, მარტვილს და ხაშურში მაინც დაიბეჭდება.

მმართველ გუნდს ყაზბეგში "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს", ხოლო ბორჯომში-"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატები გაუწევენ კონკურენციას. ოზურგეთში კი "ქართული ოცნების" კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მეორე ტური არჩევნებიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს უნდა ჩატრდეს. ამ შემთხვევაში, მეორე ტურის გამართვის მაქსიმალური ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია.



Print