ეკონომიკა
ქუთაისში “გუბერნსკის ციხის” ყოფილი შენობა იყიდება
FaceBook

ქუთაისში გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად გამოიტანა.

 


ის იმ 100 ობიექტს შორისაა, რომელსაც სამინიტრო, ქვეყნის მასშტაბით, აუქციონის გზით ყიდის.

 

9 196 კვ.მ ფართობზე მდებარე ციხის ყოფილი შენობის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება  3 490 000 ლარს შეადგენს.

გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე“გუბერნსკის ციხის”ყოფილი შენობა საუკუნეებს ითვლის. ის მე-19 საუკუნეში აშენდა. თავდაპირველად სხვა დანიშნულება ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რა, ზუსტად არავინ იცის.

შენობაში სასჯელაღსრულების დაწესებულება, დაახლოებით, მე–20–ე საუკუნის დასაწყისიდან განთავსდა. ის გახლდათ ქუთაისის გუბერნიის მთავარი საპყრობილე - “გუბერნსკის ციხე”,  რომელიც 650 მსჯავრდებულზე იყო გათვლილი.  ციხეში სასჯელს დიდი აჯანყებების მოთავენი იხდიდნენ, ასევე, ცნობილი ფირალები, ყაჩაღები და რევოლუციონერები.

ციხის #7 საკანში, სასჯელს იოსებ სტალინი იხდიდა. საკნის კარები, სხვა ნივთების გარკვეულ ნაწილთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმშია დაცული.

გ. ტაბიძის ქუჩაზე ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ავტოქარხნის დასახლებაში ახალი, #2–ე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა. მას შემდეგ, ციხის ყოფილი შენობა უფუნქციო და მოუვლელია.

"გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის გარდა, ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში კიდევ 15 ობიექტს ყიდის. ჯამში ქალაქში საპრივატიზაციოდ გატანილი ობიექტების საწყისი ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარამდეა.

ხოლო ქვეყნის მასშტაბით,
სამინისტრო ერთდროულად 100 ობიექტი პრივატიზებას ახდენს. ჯამში, საუბარია 150 მილიონი ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონებაზე.


ამავე თემაზე:

ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში 16 ობიექტს ყიდის (სრული სია)

Print