პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზაცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, მმართველი პარტიის ოფისთან საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზაცია დაიწყო.

შტაბში რამდენიმე წუთის წინ ერთად მოვიდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე და დეპუტატები, მარეხი ნიჟარაძე და გიორგი ჭეიშვილი. შტაბში უკვე იმყოფება საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი,ალეკო ახალაძე.

მმართველი პარტიის ოფისში მობილიზებულია მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელი, კობა ფხაკაძე.

ქუთაისში "გაერთიანებული ოპოზიციის"აქცია-მსვლელობა 14 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები იმ ქუჩაზე ჩაივლიან,სადაც "ქართული ოცნების" შტაბია განთავსებული.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება. 

დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.


გუბერნატორი მოქალქეებს ძალადობის პროვოცირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და  კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების შესახებ აფრთხილებს.


ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.



29 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა დროსაც შენობის მინა ჩაიმსხვრა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის ოფისში შეჭრა სცადეს.


იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა, ცოცხები, კვერცხები და წითელი საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ერთად „გაერთიანებული ოპოზიციის“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც ესროლეს.




Print