საზოგადოება
შრომის ინსპექციამ ქუთაისში ათ თვეში 62 ობიექტი შეამოწმა
FaceBook
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე შრომის ინსპექციის მიერ ქუთაისში 62 ობიექტი შემოწმდა.
საქართველოს მასშტაბით კი,  250-მდე. შრომის ინსპექციის წარმომადგენელის, ბექა ფერაძის თქმით შემოწმებულ ობიეტებს შორის იყო როგორც ინდუსტრიული, ასევე სერვის სექტორი, სამშენებლო, სავაჭრო ობიექტები, მიწის მოპოვებითი და მეტალურგიული დამუშავების საწარმოები. 

კუსტარული დანადგარები, მომატებული ხმაური, მიკრო კლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, ინსტრუქტაჟისა და შესაბამისი სწავლება–ტრენინგის, პირველადი სამედიცინო დახმარების არ არსებობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომლებიც შრომის ინსპექციის  მიერ შემოწმების შედეგად გამოიკვეთა. მათ შორისაა,  სამშენებლო მოედნების არასრულყოფილად ორგანიზება, ან კონკრეტული სტანდარტის დაუცველობა.

"ინსპექტირება იყო გეგმიურიც და არაგეგმიურიც. შემოწმების პარალელურად, იძულებით შრომისა და შრომითი ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას ვახორციელებთ და არაგეგმიური შემოწმებაც ამ მიმართულებით ხდება", –  ამბობს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი, ბექა ფერაძე.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ობიექტბში, სადაც  დარღვევები აღმოაჩინეს რეკომენდაციები და შენიშვნები მისცეს. თუმცა, კონკრეტულად რა შენიშვნა ან რომელი საწარმოები შემოწმდნენ, შრომით ინსპექციაში განმარტავენ, რომ ეს კონფიდენციალურია.   

შრომის ინსპექცია საქართველოს შრომის და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რომელიც  ორი წლის წინ შეიქმნა. ის კონკრეტული კომპანიების შემოწმებას ჯერჯერობით მხოლოდ მათი მომართვის საფუძველზე ახორციელებს.

რაც შეეხება, სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დაცვას საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებული "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტით შეეცდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტით, შრომის ინსპექციას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება უნდა მიენიჭოს.

დაწესდება ადმინისტრაციული სახდელი და ინსპექტირების დეპარტამენტს ექნება შესაძლებლობა პირველ ეტაპზე კომპანიის გაფრთხილებით შემოიფარგლოს, მეორეზე - დაჯარიმოს, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რამაც ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზეგავლენა იქონია, შეაჩეროს კონკრეტული სამუშაო.

საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების 30 - ე დანართში გათვალისწინებულია 28 ევროდირექტივა, რომლის მიხედვით საქართველომ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისთვის, აღსრულების ბერკეტები უნდა გააუმჯობესოს.

მიმდინარე წლის 9 მაისს ტყიბულის შახატაში სამუშაო პროცესში 4 ადამიანი დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.

გასულ წელს, საქართველოში საწარმოო შემთხვევების გამო, 40 ადამიანი გარდაიცვალა. უფლებადამცველების აზრით, ეს მაჩვენებლი შრომითი უსაფთხოების კანონის ხარვეზით არის გამოწვეული, რასაც ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებენ.
Print