საზოგადოება
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტისთვის სოფელ ძირულაში 5 პირს, შესაძლოა, ქონება ჩამოართვან
FaceBook
ზესტაფონში, სოფელ ძირულაში მცხოვრებ 5 პირს, შესაძლოა ქონება იძულების წესით ჩამოართვან.

საუბარია, ბესიკ კალანდაძის, გიორგი კალანდაძის, თამარ კალანდაძის, მაკა ბუიღლიშვილი-კალანდაძის და ციცინო კალანდაძის კუთვნილ 6 984 კვ. მ. მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლებზე.

მათი საკუთრების ჩამორთმევა ზესტაფონი-ხარაგაულის სარკინიგზო ხაზის, საპროექტო მარშრუტის მე-11 გვირაბის მშენებლობას უკავშირდება, რომელსაც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს.

მოქალაქეთა უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) შესახებ შესაბამისი ბრძანება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გამოსცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა, ამავე ბრაძანებაში მითითებულია, რომ ხუთივე მოქალაქე წინასწარ იყო ინფორმირებული, გამოსყიდვაზე უარის შემთხვევაში, მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, "საქართველოს რკინიგზა" კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა.

სოფელ ძირულაში მცხოვრები ბესიკ კალანდაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საკუთრების დათმობის წინააღდეგი არაა, თუმცა ითხოვს, რომ მისი ქონება სრულად აღწერონ.

"ერთხელ იყვნენ მოსული, დათვალეს და მის შემდეგ, არავინ მოსულა. არც მინისტრის ბრძანება მოგვსვლია. უარს არ ვამბობ, მაგრამ იყოს ნორმალურად გათვლილი და დაითვალონ ყველაფერი რაც მაქვს. სახლში უკვე ბზარები გაჩნდა, რაც აფეთქება დაიწყეს. ძალიან ცოტა მიწის ნაკვეთი მრჩება, სახლსაც ვერ ავაშენებ იმ ადგილზე. აღარც ღირს სოფელში რაიმეს გაკეთება და რა გავაკეთო, სად წავიდე. მიწა არ მრჩება და რითი უნდა ვირჩინო თავი," - ამბობს ბესიკ კალანდაძე.

იგივე პრობლემის წინაშეა ძირულაში მცხოვრები მაკა ბუიღლიშვილი-კალანდაძე. მისი თქმით, მიწის დათმობის თაობაზე პრეტენზია არც მას აქვს, თუმცა ბესიკ კალანდაძის მსგავსად, საკუთრების ზუსტად აზომვას და ქონების სრულად აღრიცხვას ითხოვს.

"ის კი გამაგაბინეს რა ტერიტორია მიაქვთ, მაგრამ ზუსტად არაა დათვლილი. ვენახი მთლიანად 382 ძირია და მხოლოდ 376 აქვთ შეყვანილი, წლოვანება არის 30 წელი და ამათ შეყვანილი აქვთ 19 წელი. თხილია თუ კაკალი ყველა არ არის ნორმალურად დათვლილი. არაფერი არ გვრჩება, დასამუშავებელი მიწა და სამეურნეო საქმიანობა რომ ვაწარმოო," - ამბობს მაკა ბუიღლიშვილი-კალანდაძე.

"საქართველოს რკინიგზაში" განგვიცხადეს, რომ სოფელ ძირულაში მცხოვრები ხუთი პირის ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მას შემდეგ მიმართეს, რაც მათთან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უწყებაში, ასევე აცხადებენ, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს ქონების ჩამორთმევის უფლებას კანონდებლობა ანიჭებს. თუმცა, "საქართველოს რკინიგზაში" ამბობენ, რომ მოქალაქეები ფულად კომპენსაციას მაინც მიიღებენ.

"უბრალოდ, შევთავაზეთ ორჯერ, ორჯერვე უარი გვითხრეს და სხვა გზა არ დაგვრჩა. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და მოვიპოვეთ ექსპროპრიაციის უფლება," - ამბობს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ადმინისტრატორი, სოფო ხიდაშელი.

რაც შეეხება, სოფელ ძირულაში მცხოვრები მოქალაქეების ქონების სრულად აღწერას, "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენელი ამბობს, რომ საკუთრების აღრიცხვა ორჯერ, სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელდა და მათი დასკვნა სარწმუნოა.

"დამამატკიცებელი საბუთი, რომ სრულად არაა ქონება აღწერილი, არ არსებობს. ქონების აღწერა ხდება ორჯერ, ერთხელ როდესაც ამზომველები ჩადიან და პირველადი შეფასება ხდება. მეორედ კი, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ჩადიან. ორივე უწყებას როგორ შეეშლებოდა. ჩვენ ვეყრდნობით სამხარაულის ბიუროს, რომელზეც უზანაესი უწყება დღესდღეობით არ არსებობს," - განმარტავს სოფო ხიდაშელი.

მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში "საქართველოს რკინიგზა" 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას გეგმავს, რომელთაგანაც 3 უკვე დასრულებულია.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტი უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ასევე გაიზრდება გამტარუნარიანობა და შემცირდება მგზავრობის დრო.






Print