საზოგადოება
დავით ტურაშვილი - ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ჩვენი უპასუხისმგებლობა და გულგრილობაა
FaceBook
"გვგონია მხოლოდ დიდ საქმეში გამარჯვებაა გამარჯვება და სწორედ ეს გვაშორებს ევროპას"


არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბმა" ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მწერალ დავით ტურაშვილთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა პროექტის "წიგნის მცველის" ფარგლებში შედგა და ლიტერატურას მიეძღვნა.
მწერალმა თავის რომანზე "ტყეების მეფე" და სხვა ნაწარმოებებზე ისაუბრა.
"დავით აღმაშენებელი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ალბათ მაინც თქვენთვის ქუთაისელებისთვის არის. როცა ამხელა მეფე ქუთაისელი იყო გასაგებია, რომ ინტერესიც მეტია", -აღნიშნა დავით ტურაშვილმა.
მწერალმა ახსნა თუ რატომ უწოდა წიგნს "ტყეების მეფე". "ილ-ღაზი ერთ -ერთ წერილში სწორედ ასე იხსენიებს დავით აღამაშენებელს და ტყეების მეფეს უწოდებს. რადგან საქართველოში მართლაც ტყეები მეტი იყო, ვიდრე დასახლებული ადგილები, იმდენად გაპარტახებული ქვეყანა ჩაიბარა დავით მეფემ".
ლიტერატურის გარდა მწერალი მრავალ, სხვა საკითხს შეეხო, მათ შორის საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამარჯვებების დეფიციტს ქართულ რეალობაში.
"ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ, როდესაც ვამბობთ რომ ევროპა ჩვენი არჩევანია, ამით ახალს არაფერს ვამბობთ. ჩვენ უბრალოდ უკან, სახლში ვბრუნდებით იმიტომ, რომ ევროპა ჩვენი სახლია. გამარჯვება გვიჭირს იმიტომ, რომ გვგონია მხოლოდ დიდ საქმეში გამარჯვებაა გამარჯვება და სწორედ ეს გვაშორებს ევროპას. არადა ყველა დეტალი არის მნიშვნელოვანი. ამ დეტალებს მივყავართ გამარჯვებებთან. ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ჩვენი უპასუხისმგებლობა და გულგრილობაა, გვგონია, რომ კარგი სახელმწიფო მაშინ გვექნება როდესაც გლობალური მნიშვნელობის საკითხს გადავჭრით. სინამდვილეში ყველა წვრილმანის კეთილსინდისიერად კეთებაშია გამარჯვების გასაღები", - მიაჩნია დავით ტურაშვილს.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Print