საზოგადოება
გზა ქუთაისში, რომელიც მერიას "მხოლოდ წელიწადში ერთხელ ახსენდება" (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ე.წ. "წერეთლის დაჩებზე" მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
დასახლება, სადაც 22 ოჯახი ცხოვრობს, ახალგაზრდობის გამზირიდან ორ კილომეტრში, მუხნარის ტყეში მდებარეობს. ადგილობრივების მთავარი პრობლემა დასახლებაში მიმავალი ამორტიზებული გზაა.





ადგილობრივების განმარტებით, მათი არაერთგზის დაწერილი განცხადების მიუხედავად, ქუთაისის მერია გზის შეკეთებას არ აპირებს. რის გამოც, გზის საფარის მოწესრიგება საკუთარი ძალებით სცადეს. თუმცა, განმარტავენ, რომ გზის საფარი იმდენად დაზიანებულია, რომ მის შესაკეთებლად
თავიანთი სახსრები საკმარისი არ არის.

"მოგვაქვს სამშენებლო ნარჩენები და ვავსებთ დიდ ორმოებს, რომ ვიაროთ. ამასობაში იქნებ მერიაშიც გადაწყვიტონ, რომ გზა გვჭირდება " - განმარტავენ ადგილობრივები.




ადგილობრივების თქმით, ეს ადგილი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წელიწადში ერთხელ 22 ივლისს, საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის დღეს ახსენდებათ, როცა მემორიალის შესამკობად მიდიან.



"ეს ადგილი მერიას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ახსენდება. რადგან, აქაურობას მხოლოდ ივლისში ასუფთავებენ და მერე მთელი ერთი წლით მიდიან. კარგია, რომ რეპრესირებულთა ხსოვნას პატივს სცემენ, მაგრამ ცოცხლებსაც გვჭირდება ყურადღება," - ამბობენ ე.წ. "წერეთლის დაჩებზე" მცხოვრებლები.

ქუთაისის მერიაში  განგვიმარტეს, რომ მიმდინარე წელს პროექტებში "წერეთლის დაჩების" გზის რეაბილიტაცია არ არის ჩასმული, თუმცა, მომდევნო წელს მოსახლეობის მოთხოვნას გაითვალისწინებენ.



Print