საზოგადოება
ტაბუ უნდა მოეხსნას ძალადობაზე საუბრის თემას - გამოფენა და დისკუსია ქუთაისში
FaceBook
"ხელოვნება ქალთა უფლებებისათვის" - აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქუთაისში, ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში გამოფენა და დისკუსია გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ მხატვარ ლია უკლებას ნამუშევრები საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის თემაზე. პროექტის მიზანი ხელოვნების მეშვეობით ქალთა უფლებებზე საუბარი გახლდათ. დამსწრე პუბლიკას კი წარმოადგენდა ე.წ. შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც კლინიკებს კონსულტაციის გამო ეწვივნენ. "ეს კონკრეტული ფორმატი რაც არის არჩეული მოიცავს ისეთ ადამიანებს, რომლებიც შემთხვევით სხვა მიზნებისთვის არიან ამ საგამოფენო და სადისკუსიო სივრცეში. ეს არის ახლებური მიდგომა, ამიტომ ჩვენ არ ვიცით რა რეაქცია ექნებათ ამ ადამიანებს ", - აღნიშნავენ პროექტის ავტორები ლია უკლება და ლელა სებუა.
პროექტის ფარგლებში მოხსენება და დისკუსიაც გაიმართა, რომელიც იურისტმა და ადამიანის ულებების სპეციალისტმა ბაია პატარაიამ წარმოადგინა: "უახლოეს წარსულში ჩვენი მოსახლეობა ამბობდა, რომ არანაირი ძალადობა ქალთა მიმართ არ არსებობს. სამწუხაროდ ქალთა მკვლელობების მზარდმა შემთხვევებმა, ამის სისტემატურმა გაშუქებამ მედიაში მიიყვანა საზოგადოება და ხელისუფლება იმის აღიარებამდე, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს ძალადობის კუთხით", - აღნიშნა ბაია პატარაიამ.
ბაია პატარაია შეეხო შეხო ფსიქოლოგიურ ძალადობის საკითხს, რომლის ადგილს უმეტეს შემთხვევაში ოჯახი წარმოადგენს.
"მარტო მკვლელობა არაა ძალადობა, არც ფიზიკური ძალადობაა მარტო ძალადობა. ფიზიკურს ყოველთვის წინ უსწრებს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც წლების განავლობაში გრძელდება. თუ ადამიანებმა არ იციან ამის ამოცნობა, რომ ეს ძალადობაა, შეიძლება მოძალადე ვერ იაზრებდეს რას ჩადის. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა არის ძალადობა, ამიტომ ტაბუ უნდა მოეხსნას ძალადობაზე საუბრის თემას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ სიტუაციების მართვა, რომ უფრო შემწყნარებლური და მშვიდობიანი გარემო შევქმნათ", - აღნიშნა ბაია პატარაიამ.
პროექტს – არასმთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" "ქალთა ფონდი საქართველოს" მხარდამჭერით ახორციელებს. გამოფენები და დისკუსიები ქუთაისში არსებულ ხუთივე სამეანო–გინეკოლოგიურ კლინიკაში გაიმართება.

ეკა კუხალაშვილი
Print