საზოგადოება
თერჯოლის გამგეობამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა
FaceBook
"წავიდნენ და თავი დაგვანებონ. ამ უბანს "სამაკარიძეოს" ეძახიან და ნამდვილად არ მინდა "იეღოველების უბანი" დაუძახოს ხალხმა"


თერჯოლაში იეჰოვას მოწმეების სამლოცველო სახლის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია.
თერჯოლის ცენტრში ოთხი ძმების პირველ შესახვევში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს აშენებას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი სერიოზული დაპირისპირების საშიშროებაზე საუბრობენ და დაპირისპირების აცილების გზას მშენებლობის სხვაგან, გარეუბანში გადატანაში ხედავენ.
"აქ სკოლაა ახლოს, მალე კინოთეატრის რეაბილიტაციაც შეიძლება მოხდეს. ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია, ამიტომ შესაძლებელია, რომ ხშირად ჰქონდეს ადგილი "იეღოველებთან" დაპირისპირებას. თანაც ისინიც პროვოკაციებზე მიდიან და გამომწვევად იქცევიან", - აღნიშნა ზაურ ობოლაძემ.
ზაურ ობოლაძე იმ საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც თერჯოლაში მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლებმა შექმნეს. წევრების განმარტებით საინიციატივო ჯგუფი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით დააფუძნეს. ისინი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ საკითხის დასარეგულირებლად. მათ შორის მედიას.
თავის მხრივ იეჰოვას მოწმეები საკითხის მოგვარებას სამართლებრივი გზით ცდილობენ. თერჯოლის გამგეობის გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ, იეჰოვას მოწმეები სასამართლოში დაუპირისპირდნენ. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. თუმცა გამგეობა ზესტაფონის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. "იმედი გვაქვს სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს", - აცხადებენ გამგეობაში.
გამგეობას იეჰოვას მოწმეებიც ახალი სარჩელით პასუხობენ.
"მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ", - აღნიშნა იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა მანუჩარ ციმინტიამ.
ზარალსა და საფრთხეებზე საუბრობენ მშენებლობის მოწინააღმდეგენიც. "მათ რელიგიას არ ვეწინააღმდეგებით, ჩვენ უბრალოდ არ გვინდა დასახლებულ ადგილას ააშენონ სახლი. სხვაგან წავიდნენ. სახიფათოა მათი აქ ყოფნა ბავშვებისთვის", - ამბობენ თერჯოლის მცხოვრებლები, რომლებიც ვინაობას არ ასახელებენ.
კითხვაზე, კონკრეტულად რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს აშენება მშენებლობის მოწინააღმდეგეების ნაწილს პასუხი არა აქვს და "თავადაც ხომ იცი" არგუმენტით შემოიფარგლებიან.
სამაგიეროდ თერჯოლის მოქალაქე სულიკო მაკარიძემ ზუსტად იცის რატომაც არ უნდა იეჰოვას მოწმეების სახლის ოთხი ძმების ქუჩაზე აშენება. "წავიდნენ და თავი დაგვანებონ. ამ უბანს "სამაკარიძეოს" ეძახიან და ნამდვილად არ მინდა "იეღოველების უბანი" დაუძახოს ხალხმა", - აღნიშნავს მაკარიძე.
თუმცა სანამ უბანს სახელი "შეეცვლება", მანამდე სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება რომელიმე მხარის სასარგებლოდ. იეჰოვას მოწმეების ადვოკატი პროცესის მოგებაში დარწმუნებული არის. "მეორე მხრიდან წამოსულ ძალადობას ჩვენ დავუპირისპირეთ კანონი და სასამართლო. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება", - აღნიშნავს მანუჩარ ციმინტია.
იეჰოვას მოწმეები VS თერჯოლის გამგეობა პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უახლოეს მომავალში გაიმართება.
ეკა კუხალაშვილი

Print