საზოგადოება
„ყველაფერში ქრთამს ითხოვენ“ - გალის მოსახლეობა კორუფიციაზე საუბრობს
FaceBook

გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას საზღვრის გადაკვეთის პრობლემა ისევ აწუხებს.


ისინი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და კორუფციაზე საუბრობენ. დახმარებას კი ამჯერად არავის თხოვენ, რადგან, მათი თქმით, ამას მაინც არანაირი შედეგი არ მოაქვს. 

გალის მილიციის შენობა ერთადერთი ადგილია ქალაქში, სადაც ასეთ ხალხმრავლობას შემჩნევთ. მიზეზი ერთია - ისინი ბინადრობის ნებართვის გაცემის რიგში დგანან.


გალის შვიდივე რაიონიდან ხალხი აქ ყოველდღიურად ჩამოდის, თუმცა, სასურველ შედეგს ძალიან ცოტა აღწევს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, განაცხადებს ბინადრობის ნებართვაზე იმათ აბარებინებენ, ვინც ქრთამს 1 500 რუბლის (60. 54 ლარი) ოდენობით გადაიხდის.


„ყველამ ვიცით, რომ ვინც შედის ან ფული აქვს გადახდილი ან ნაცნობი ჰყავს. დგას ეზოში კაცი და პირდაპირ აძლევენ ფულს. ხოლო, ვისაც არ გვაქვს ფული და არც ნაცნობი ჰყავს, ვიცდით აგერ. მე-10 დღეა დილიდან საღამომდე აქ ვარ აუტანელ სიცხეში“, - ამბობს გალის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.


გალის მოსახლეობისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო. საბუთის მისაღებად მათ ქართული დაბადების მოწმობის არსებობის შემთხვევაში მისი რუსული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ქართული პირადობა, ფორმა 9, ფოტო - სურათი 4/6 და სხვა საბუთები სჭირდებათ.


ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი ხუთწლიანია, თუმცა, ადგილობრივები მისი მიღების სირთულეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ეს პრობლემა 2008 წლიდან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის "აღიარებიდან" შეიქმნა, როდესაც მოსახლეობას აფხაზური პასპორტების აღება მოსთხოვეს. მაშინ იყო საუბარი რომ სანაცვლოდ ეთნიკურად ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაეთმოთ, თუმცა, მიმდინარე წელს დადგინდა, რომ გალელი ქართველებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემდენ და ისინი ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობასაც შეინარჩუნებენ.


აღნიშნული ინიციატივით გალელები კმაყოფილები არიან. ისინი ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემაა ე.წ. საზღვრის გადაკვეთაა. მათი თქმით, თუ მათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემათ ხალხისთვის ეს დიდი შვება იქნება.

Print