საზოგადოება
საქართველოში პოლიეთილენის პლასტიკის პარკები, შესაძლოა, აიკრძალოს
FaceBook

პოლიეთილენის პარკები, შესაძლოა,  ბიოდეგრადირებადი პარკით შეიცვალოს. ამის შეასახებ კანონპროექტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადდა.


მისი განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ახალი რეგულაციები 2018 წლიდან ამოქმედდება. დოკუმენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვა. ეს არის შედარებით სქელი ტიპის ერთჯერადი პარკები. კანონის დამრღვევებს შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციასთან ერთად დააჯარიმებენ.


დაგეგმილ ცვლილებს პოლიეთილენის მწარმოებლებთა ნაწილის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აკრიტიკებს.

უარყოფითად აფასებს ინიციატივას პოლიეთილენის პარკებისა და შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "ევრო პაკი". მისი დირექტორის, ირაკლი ძიძიბაძის თქმით, წარმოების აკრძალვა არასწორი მიდგომაა. ის მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს და ამის ნაცვლად სამინისტროს ამ კუთხით საოზოგადოების ცნობიერების ამაღლების ზრუნვაზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს. მისი თქმით, დაბინძურების წყარო არა წარმოება, არამედ ადანიანია.

"ზიანს გარემოს ბევრი რამე აყენებს, დაბინძურების წყაროები უნდა იყოს აღმოფხვრილი. დაბინძურების წყარო წარმოება კი არა ადამიანია და მას მხოლოდ დასუფთავება სჭირდება. გარემოს აბინძურებს, აგრეთვე, ტომრები, სათბურის პარკები და ნებისმიერი სინთეტიკა თუკი ვყრით ქუჩაში და რა ვქნათ ყველა ავკრძალოთ? - ამბობს ირაკლი ძიძიბაძე.

"ევრო პაკისგან" განსხვავებით ცვლილებებს მიესალმება პოლიეთილენის პარკებისა და შესაფუთი მასალების დამამაზადებელი კომპანია "ლანჩ გრუპი". საწარმოს გაყიდვების მთავარი მენეჯერის, თეიმურაზ თვალაძის თქმით, მათ ახალ სტანდარტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყეს. ისინი ზემოთ აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ რომ წარმოების ხარჯებში განსხვავება უმნიშვნელო იქნება.

"ჩვენი მომავლისთვის აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა. მზეზე დიდი ხანი პარკი რომ დადო, ის შეჭამს მას. მიწაში თუ მოხვდა მის დაშლას წლები სჭირდება, ხოლო ბიოდეგრადირებად დანამატს თუ გაუკეთებ ის მიწაში ადვილად დაიშლება", - ამბობს თეიმურაზ თვალაძე.

მეწარმე ნათელა მაჭავარიანი ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელია. ის გვიყვება, რომ ადრე, საბჭოთა პერიოდში მაღაზიებში ქაღალდის პაკეტებს იყენებდნენ. რაც შეეხება ხარჯებს, მისივე თქმით, ის უმნიშვნელო იქნება და ცვლილებების მიღებისთანავე კანონს დაემორჩილება.

"მე მყოლია ისეთი კლიენტები, რომლებიც პურს პარკებში არ დებენ, რადგან საზიანოა. პრინციპში მართლები არიან. ადამიანის ჯანმრთელობას არაფერი უდგას წინ", - ამბობს ნათელა მაჭავარიანი.


ახალი ინიციატივია მოსწონს მოსახლეობასაც. ნინი დგებუაძეს იმედი აქვს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს დადებითი შედეგი მოჰყვება და გარემოსთვის მიყენებული ზიანი შემცირდება.

"აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ გარშემო რომ მიმოვიხედავთ ყველაგან პარკებია, ხეებზე, მდინარეებში. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს", - ამბობს ნინი დგებუაძე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაგეგმილ ცვლილებებს პოლიეთილენის პარკებისგან გამოწვეული ზიანით ხსნის. კერძოდ, პოლიეთილენი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს დიდ საფრთხეს უქმნის, რადგან მისი წვის დროს მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ატმოსფეროს აბინძურებს.


სამინისტროში განმარტავენ, რომ დაწესდება მოთხოვნები და პირობები საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული, რეალიზებული პლასტიკის პარკებისა და ბიოდეგრადირებადი პარკების მიმართ. ასევე დადგინდება აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების წესი და შესაბამისი მეთოდოლოგია.


"მოთხოვნების დადგენისას გათვალისწინებული იქნება "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების შესახებ" ევროკავშირის 94/62 დირექტივა და ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის 13432 სტანდარტი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი შეფუთვის შესახებ", - ამბობენ სამინიტროში.

მათივე თქმით, მეწარმეებს ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის საკმარისი დრო ექნებათ და წარმოებული ან იმპორტირებული შესაბამისი პროდუქციის მარაგების რეალიზაციის საშუალებაც მიეცემათ.

სამინიტროსგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ,,პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის" მოთხოვნების დარღვევისთვის, ჯარიმა 500 ლარი იქნება, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში - 1 000. ორივე შემთხვევაში შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია (ჩამორთმევა) მოხდება.

რაც შეეხება, თუ ვინ გაუწევს კანონის აღსრულების მონიტორინგს, კომპეტენციის მიხედვით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს განიხილავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - იმპორტის ნაწილში, ხოლო რეალიზაციის ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

"კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების ეტაპობრივი შემცირებაა. ამ ყველაფერს საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით ვაკეთებთ, შემოგვაქვს შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები და ვადგენთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე, გათვალისწინებულია ბიოდეგრადირებადი პარკების ევროსტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა", - განმარტავენ სამინისტროში.

პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. მრავალმა ქვეყანამ მათი მოხმარების შესამცირებლად გარკვეული სამართლებრივი ინსტრუმენტები შეიმუშავა. ამასთან პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკა და შესაბამისად რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. კერძოდ, ქვეყნების ნაწილი იყენებს ისეთ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა, მაგალითად, პლასტიკის პარკის რეალიზაციაზე ფასის დაწესება ან გადასახადის შემოღება, ზოგიერთ ქვეყანაში კი სრულიად აკრძალულია პლასტიკის პარკების გამოყენება.
Print