საზოგადოება
შერჩევითი ინფრასტრუქტურა და სტადიონს მიღმა დარჩენილი ბავშვები ქვიტირის თემში
FaceBook
ქვიტირის თემის რწმუნებულს მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პროექტების საკუთარი ინეტერსებით გამოყენებაში ადანაშაულებენ.
საუბარია ფეხბურთის მოედნებზე. ადგილობრივები  რეაბილიტაციის შერჩევით პრინციპზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ რწმუნებულმა ქვიტირის თემის ერთ-ერთ სოფელში სტადიონის მოწყობა შეაჩერა, სამაგიეროდ, საკუთარ სახლთან არსებული სტადიონი კეთილმოაწყო.

სოფელში მცხოვრებლები ბავშვებისთვის სათამაშო სივრცის დროულ მოწყობას ითხოვენ,
თავად ქვიტირის თემის რწმუნებული კი,  პროექტების პირადი მიზნებით უარყოფს.

ქვიტირის თემში შემავალ სოფელ ზედა მესხეთში, ე.წ. მელაძეების უბანში მცხოვრები 50 - მდე მცირეწლოვანი ახლადმოწყობილი სათამაშო სტადიონის გარეშეა დარჩენილი.  

პატარები მათთვის განკუთვნილი სათამაშო  მოედნით იმ მიზეზით ვერ სარგებლობენ, რომ გასულ წელს მოწყობილი სტადიონი ამ დრომდე გაუმართავია.

სოფელში მცხოვრები მცირეწლოვნები, მშობლების ძალისხმევით სახელდახელოდ მოწყობილ პატარა მინი მოედანზე თამაშობენ, რომელიც სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რეაბილიტირებული სტადიონის წინაა განთავსებული. 


ადგილობრივების მიერ მოწყობილი მინი სტადიონი

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდი სტადიონის მიმდებარედ, რომლის კეთილმოწყობაც  მოითხოვეს ამ დრომდე არ არსებობს გარეგანათება და მწავნე საფარი.

"დილით შუაგულ მზეზე ვინ თამაშობს, საღამოს უნდათ გართობა ბავშვებს, როცა აგრილდება. მოედანი კი ჩაბნელებულია. რამდენი ხანია ვითხოვთ, თუ გაგვიკეთეთ გაანათეთ კიდეც-თქო და ყურადღებას არავინ გვაქცევს. სამაგიეროდ, ჩვენი რწმუნებულის სახლის წინ მინდორიანი ევროპული  სტანდარტის სტადიონია მოწყობილი, " - ამბობენ მელაძეების უბანში მცხოვრებლები.

სათამაშო მოედანი, რომელიც მართლაც ქვიტირის თემის რწმუნებულის სახლთანაა განთავსებული ნამდვილად კეთილმოწყობილია. მოედანზე დამონტაჟებულია განათებაც და დაგებულია  მწვანე საფარიც.


რეაბილიტირებული მოედანი ქვიტირის თემში, სადაც სოფლის რწმუნებული ცხოვრობს

ქვიტირის თემში ზემოთაღნიშნული სტადიონის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით 2016 წელს  მოეწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან გასულ წელს ქვიტირის თემში 74 ათას ლარამდე გადაირიცხა. 

აქედან, 26 ათას 893 ქვიტირის თემში შემავალ ზედა მესხეთში, ხოლო  46 ათას 302 ლარი თავად ქვიტირში დაიხარჯა. 

განსხვავებული თანხის მოცულობის ხარჯვას, ერთსა და იმავე თემში შემავალ სოფლებში, რწმუნებული იქ მცხოვრებთა რაოდენობით ხსნის.

"ზედა მესხეთში 300 კომლი ცხოვრობს, ქვიტირში კი 900," - ამბობს ჭეიშვილი.  მისივე თქმით, ორივე სოფელში სწორედ მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, თუ რისთვის დაეხარჯათ ხსენებული ბიუჯეტი.

"ზედა მესხეთში, მელაძეების უბანში უნდოდათ კლუბის მოწყობა, რაც გაკეთდა კიდეც, ასევე საბავშვო ბაღი და სტადიონი," - ამბობს რწმუნებული. 

ის სტადიონების ქვიტირის თემში შემავალ ორ სოფელში სტადიონების შერჩევითი მოწყობის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს სულ სხვა გარემოებებმა გამოიწვია.

"ზედა მესხეთში, ბაღისა და კლუბის რეაბილიტაციის შემდეგ,  სტადიონის მოწყობისთვის დარჩენილი თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომაც მოეწყო ქვიტირის სტადიონზე მოლი და ზედა მესხეთში, მელაძეების უბანში ვერ მოეწყო," - ამბობს თემურ ჭეიშვილი.

ზედა მესხეთში, მელაძეებისა უბანში, ისევე როგორც ქვიტირში რწმუნებულის საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სტადიონზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს ერთდროულად დაიწყო.

როგორც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებშია მითითებული, მელაძეების უბანში არსებული სათამაშო მოედნის რეაბილიტაციისთვის 17 ათასი ლარი, ხოლო რწმუნებულის საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სტადიონისთვის 25 ათასი ლარი დაიხარჯა.

კითხვაზე, თუ რატომ დაიხარჯა ორი ერთნაირი სტადიონისთვის განსხვავებული თანხის მოცულობა და რატომ დასრულდა ერთი ადრე და მეორე არა, ამას რწმუნებული ტექნიკური მიზეზებით ხსნის.

"ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს მრიცხველი ქუჩაში და ამიტომაც არის განათება, მელაძეების უბანში კი არ არის მრიცხველი. ასე, რომ  ტექნიკური დეტალები იყო მოსაგვარებელი," - ამბობს ქვიტირის თემის  რწმუნებული.

თუმცა, ის ასევე ირწმუნება, რომ ამ საკითზე ისედაც მუშაობდა და  ორ კვირაში ყველა ტექნიკური პრობლემა მოგვარდება და მელაძეების უბნის სტადიონი განათდება. 

რწმუნებული  იმასაც აცხადებს, რომ მიმდნარე წლის ბიუჯეტში ასევე იმ ხარჯების მოძიებასაც ეცდება, რომლითაც  ზედა მესხეთის სტადიონზეც დაიგება მწვანე მოლი.

Print