საზოგადოება
ჯარიმა თბილისში ქუთაისიდან გაუსვლელად - მოქალაქე ავტომანქანის დაწვით იმუქრება
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები, რომელიც ჯარიმის ამოწერის მომენტში ქუთაისში იმყოფებოდა, თბილისში პარკირებაზე პასუხისმგებელმა კომპანია "სითი პარკმა" დააჯარიმა. მერაბ მეფარიშვილს შეცდომით ამოწერილი ქვითრის გამო ქონება (სანადირო თოფი და ავტომანქანა) დაუყადაღეს. კომპანიაში შეცდომით ქვითრის ამოწერის ფაქტს აღიარებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ მისი  გამოსწორება დაგვიანებულია. მეფარიშვილი  ჯარიმის გაუქმებას და ყადაღის მოხსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავტომანქანის საჯაროდ დაწვით იმუქრება.

მერაბ მეფარიშვილი თბილისში, 2016 წლის 2 სექტემბერს არასწორი პარკირებისთვის  დააჯარიმეს (4375116980).  

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125 - ე მუხლის მე 8 პუნქტით - ნიშანი გაჩერება აკრძალულია მოთხოვნის დაუცველობის გამო 10 ლარით დაჯარიმებულ იქნა თემურ ჩეჩელაშვილის კუთვნილი "მერსედეს ბენცის" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით QGQ 750", - მითითებულია საჯარიმო ქვითარზე.   

დაჯარიებული სერიისა და ნომრის მქონე  ავტომობილის მფლობელი კი განმარტავს, რომ საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ვადებში  თბილისში ფიზიკურად არ იმყოფებოდა, ასევე რეალური დამრღვევი პირისგან გასნხვავებით, სულ სხვა ფერისა და მარკის ავტომობილი ჰყავს.

"რეალური სამართალდამრღვევის ავტომობილის სახელმწიფო ნომერია QGG 750. ერთ ასობგერაშია განსხვავება.  ჩემს საკუთრებაში "ბეემვეს" მარკის ავტომობილია რეგისტირებული, ის კი "მერსედესია." ეს იმ ფოტოსურათებშიც ჩანს, რომელიც სითი პარკს თავის ოფიციალურ გვერდზე აქვს გამოქვეყნებული," - ამბობს მეფარიშვილი.

"სითიპარკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოსურათით დასტურდება, რომ სურათზე აღბეჭდილი სამართალდამრღვევ ავტომობილს სხვა სახელმწიფო ნომერი აქვს, ხოლო ჯარიმა სხვა ავტომობილზეა გაფორმებული.



"მანქანების ფერიც კი განსხვავებულია. ეს რომ გადავამოწმე აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, შევეცოდე იმ ხალხს და მითხრეს "სითიპარკისთვის" მიმემართა, " - ამბობს დაზარალებული მოქალაქე.

ის გვიყვება, რომ "სითი პარკმა" ჯარიმა ისე დააკისრა, რომ ქონების დაყადაღებამდე არაფერი გაუგია.

"აღსრულების ბიუროს წევრების მოსვლის შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ სხვა ადამიანის მიერ ჩადენილი შეცდომისთვის დავალიანება მერიცხებოდა," - ამბობს მერაბ მეფარიშვილი.

მისივე თქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები  2017 წლის აპრილში მივიდნენ და აცნობეს, რომ 10 ლარიანი საჯარიმო ქვითრის გადაუხდელობის გამო, საურავები ჰქონდა დაკისრებული.

"190 ლარზე იყო ასული. ამიტომ ჩემს სახელზე არსებული ავტომობილი და სანადირო თოფი დააყადაღეს. არადა მე არაფერი დამიშავებია, შეცდომა დაუშვა სითიპარკის თანამშრომელმა, რადგან მანქანის სერია აერია და შეცდომით დაწერილი ნომრები ჩემი მანქანის ნომრებს დაემთხვა," - აცხადებს დაზარალებული.

მერაბ მეფარიშვილმა შეცდომის გასწორების მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობას მიმართა. თუმცა, როგორც ის ამბობს,  მათგან მხოლოდ გულგრილი დამოკიდებულება მიიღო.

"მიხვდნენ მართალი ვიყავი, მაგრამ შეცდომა არ გაუსწორებიათ და გულგრილად მიპასუხეს რომ სასამართლოსთვის მიმემართა," - ამბობს ის.

"სითი პარკის" ოფიციალური ვებ-გვერდის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ შეცდომით ამოწერილი ქვითარი მისი ამოწერიდან 7 თვის შემდეგ საიტზე კვლავ ფიქსირდება.

"ქუთაისიპოსტი" საკითხის გარკვევის მიზნით კომპანია "სითიპარკის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ისინი ჯარიმის შეცდომით ამოწერის ფაქტს აღიარებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ახლა მისი გამოსწორება შეუძლებელია.

"ამ ადამიანს რომ მიეღო კომპანიის მიერ გაგზავნილი შეტყობინება გაასაჩივრებდა ფაქტს და გამოსწორდებოდა ხარვეზი. თუმცა, გასაჩივრების ვადა არ გამოიყენა და არ ჩაიბარა ჩვენს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია," - განგვიმარტეს კომპანია "სითი პარკში."

მეფარიშვილი კი ამბობს, რომ შეტყობინების  მისვლის მომენტში  სახლში არ იმყოფებოდა, რის გამომც მისმა მეუღლემ კორესპონდენციის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

"საერთოდ, დავწვავ საჯაროდ მანქანას და იმათ არ წავართმევინებ. ეს არაა სამართლიანობა. ვითხოვ, ჩემთან ერთად ყველამ თანაბარი პასუხისმგებლობა აიღოს ამ ფაქტზე, მეც და კომპანიამაც," - აცხადებს მერაბ მეფარიშვილი.

მეფარიშვილი ომის ვეტერანია. როგორც ამბობს,  ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს, რის  გამოც სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობაც არ აქვთ.  

იურისტების განმარტებით, ის ფაქტი რომ თემურ ჩეჩელაშვილის ოჯახის წევრებმა კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილი არ ჩაიბარა, შემთხვევის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

"იმის გამო, რომ თავის დროზე არ გაასაჩივრა,  მისივე საწინააღმდეგოდ შემობრუნდა საქმე. ოჯახის წევრმა რომ წერილი არ მიიღო, ეს არ ამართლებს მას, რადგან ასეთ დროს  წერილი ჩაბარებულად ითვლება. ამიტომ სასამართლო, გასაჩივრების ათდღიანი ვადის გასვლის მიზეზით უკვე არ განიხილავს თავის დროზე ჯარიმა სწორად ამოიწერა, თუ არა," -  განმარტავს საის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი.

თუმცა, მისივე თქმით, კოდექსის მიღმა არსებობს, სხვა პრინციპული საკითხები, რომლითაც შეეძლო თავად კომპანიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ.

"მაგალითად, კომპანიის ადმინისტრაციული მმართველობა. რაც იმას გულისხმობს, რომ მმართველობა აუცილებელია ემყარებოდეს კანონიერების პრინციპს. ანუ, თუკი ხედავენ კანონის ფარგლებში არ მომხდარა ამ ჯარიმის ამოწერა, გარკვეულ პრინციპულ დონეზე ემსჯელათ  ფაქტზე და განეხილათ ეს საქმე," - აცხადებს იურისტი.

თუმცა მმართველობის კანონიერების პრინციპების მიუხედავად, კომპანია "სითი პარკში" აცხადებენ, რომ არანაირი კანონიერი საფუძველი არა აქვთ, რითაც დაზარალებულ თემურ ჩეჩელაშვილს მათ მიერ შეცდომით ამოწერილ ჯარიმას გაუბათილებენ.

Print