საზოგადოება
ევროპის დღე ქუთაისში - ფასეულობები, რომლებსაც ინაწილებენ ევროპა და საქართველო
FaceBook
ქუთაისში ევროპის დღე აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გაიმართა, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციები მოეწყო.
"ევროპის დღის აღნიშვნა დაიწყო წინა კვირას. მოხარული ვარ, რომ ქუთაისში ვიმყოფები და ვხედავ ამდენ ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ერთსა და იმავე ფასეულობებს, რომლებსაც ინაწილებენ ევროპა და საქართველო", - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღონისძიების ფარგლებში მობილური ლაბორატორია წარმოადგინა. ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრმა კი დასაქმების გამოფენა გამართა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეზიუმეები იყო წარმოდგენილი. ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა უმასპინძლა ისტორიულ გამოფენას სოფლის მეურნეობის თემატიკაზე.
ევროპის დღის აღნიშვნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ღონისძიების დამსწრე საზოგადოება, რადგან ევროპის დღის აღნიშვნას უსწრებდა NDI-ს გამოკითხვა რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 31% ევრაზიული კავშირის მომხრეა.
"ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, პირველი ის არის, რომ რუსეთის ფედერაცია საკმაოდ დიდ ფინანსებს ხარჯავს იმისთვის რომ პოპულარუზაცია გაუკეთოს  ევრაზიული კავშირის იდეას. საქართველოში მომრავლდა პრორუსული განწყობის მედიაორგანიზაციები. ამასთან ერთად თითქოს შესუსტდა სახელმწიფოს მხრიდან ევროპულ ფასეულობებზე აპელირებაც, ამას თან ერთვის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ნიჰილიზმს აძლიერებს ადამიანებში, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ყველაფერი დინამიკაში იცვლება, ამიტომ ვნახოთ", - აღნიშნა რადიო "ძველი ქალაქის" დირექტორმა ირაკლი მაჩიტაძემ.
შეხვედრას ორგანიზება ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ , ასევე ENPAღD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პარტნიორი ორგანიზაცია რეგიონში, ადამიანი გაჭირვებაში (PIN) - გაუწია. ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებას მხარდაჭერა ქუთაისის მერიამ გაუწია.
ევროპის დღე საქართველოში 2004 წლიდან აღინიშნება.

Print