საზოგადოება
"შეურაცხყოფილია მიცვალებულები" - ქუთაისში საფლავების დასუფთავებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე პატრონის გარეშე დარჩენილი საფლავები ნაგავსაყრელადაა ქცეული.
საფლავები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და გამხმარი თაიგულებით იმდენად დაფარულია, რომ გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია.

დანაგვიანებული სასაფლაოს გვერდით მდებარე საფლავების მეპატრონეები, მათ დროულ მოწესრიგებას ითხოვენ.

"ისეთი მდგომარეობაა, სასაფლაო კი არა ნაგვის გორაა. ეს არის სირცხვილი, წაბილწული და შეურაცხყოფილია მიცვალებულები," -  ამბობს საფიჩხიაზე, ერთ-ერთი საფლავის მეპატრონე.



ადგილობრივების თქმით, მიცვალებულთა საფლავებზე ნაგავი უკვე 10 წელია გროვდება. ნაგროვები ნარჩენები კი უკვე ბარიერადაც იქცა, რაც გადაადგილების პრობლემებსაც ქმნის.

"ჩახერგილია ნაგვით ყველა გზა. თუ სხვების სასაფლაოზე ფეხით არ გადავიარეთ, ჩვენს სასაფლაომდე ვერ მივალთ," – განმარტავს საფიჩხიაზე, ერთ-ერთი საფლავის მეპატრონე.



ქუთაისის საქალაქო სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაში შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ში  აცხადებენ, რომ ქუთაისში ნაგავსაყრელად ქცეული 17 საფლავია აღრიცხული. 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ასეთი საფლავების გაწმენდა ფიზიკურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც მათ არ გააჩნიათ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საფლავები, რომლებზეც ნაგავი იყრება, ძირითადად მეპატრონისგან მიტოვებულია, ამიტომაც მათ გაწმენდაში თანხას არავინ იხდის.

"ამ გორების დასუფთავებას სჭირდება რამდენიმე ათასი ლარი, რადგან იქ ტექნიკა ვერ მიდის და ხელით სამუშაოა. ჯერ უნდა გავარკვიოთ რამდენად გვაქვს ასეთი მიტოვებიული სასაფლაოების გაწმენდის უფლება მეპატრონის გარეშე და მერე მოვიძიოთ რესურსი მათ მოსაწესრიგებლად, რადგან არ შეიძლება ეს პრობლემა არსებობდეს მარადიულად ," - ამბობს შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის დირექტორის მოადგილე გოჩა მარგველაშვილი.

მიუხედავად არასაკმარისი რესურსებისა, "ქართული ტრადიციები 2011"-ის  წარმომადგენლები უპატრონოდ დარჩენილი  საფლავების გაწმენდის პირობას დებენ.

კომპანიის წარმომადგენლები ასევე, მოქალაქეებს სისუფთავის დაცვისა და სხვისი საფლავების  დანაგვაინების თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოა.

სასაფლაოზე ცენტრალური გზებისა და მისასვლელი ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება საგანგებო რეჟიმში განსაკუთრებით სააღდგომო პერიოდში მიმდინარეობს.

ამის გარდა,  "ქართული ტრადიციები 2011",  პროექტს ახორციელებს, რომელიც სასაფლაოების დასუფთავებას გულისხმობს. ორგანიზაცია მოქალაქეებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ემსახურება. მაგალითად, დასუფთავების ერთწლიანი მომსახურების ღირებულება 60 ლარს შეადგენს, ხოლო 6 თვის განავლობაში საფლავის მოვლა-პატრონობა მსურველს 30 ლარი უჯდება.

Print