საზოგადოება
საფრთხისშემცველი განათლება - ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლაში ბათქაში ჩამოიშალა
FaceBook
ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის სახურავიდან რამდენიმე დღის წინ ბათქაში ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, კედლის ნაწილის ჩამონგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე იმ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ.
ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოცვივდა ახლა მონიშნულია და უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია.

სკოლის დირექტორის, დიმიტრი ქარსელაძის თქმით, ტემპერატურის ხშირი და მკვეთრი ცვლილების დროს ბათქაში ნელ-ნელა იშლება და საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

გარდა სკოლის მოსწვალეებისა, საფრთხის ქვეშ არიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც, რომლებსაც იმავე ეზოში მდებარე ბაღში მისვლა მხოლოდ სკოლის ტერიტორიის გავლით შეუძლიათ.


ჩამოცვენილი ბათქაშის ნატეხები სკოლის ეზოში


სკოლის ეზოს უკანა ნაწილი, საიდანაც ბაღის აღსაზრდელები საბავშვო ბაღში გადადიან


ამორტიზებული გზა # 6 საჯარო სკოლაში

სკოლის ადმინისტრაციამ შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით განათლების სამინისტროს არაერთხელ მიმართა,  თუმცა, უშედეგოდ.

"კიდევ ერთხელ გავაგზავნეთ წერილი სამინისტროში, სადაც იმ საფრთხეზე მივუთითეთ, რაც უკვე არის ჩვენთან მოსალოდნელი. გავახსენეთ რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რაც ძალიან მწარედ ახსოვს ქალაქს, როცა მცირეწლოვანის სიცოცხლე სწორედ ასეთმა გარემოებამ იმსხვერპლა," - ამბობს დიმიტრი ქარსელაძე.

დიმიტრი ქარსელაძის თქმით, სკოლის ფასადის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაწყებულიყო. სკოლის ადმინისტრაციამ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღიც იცოდა, მაგრამ უწყებაში განუმარტეს, რომ საკმარისი ფინანსები არ იყო და რეაბილიტაცია გადაიდო.


"მრავალი წერილი გვაქვს გაგზავნილი. 2016 წლის 10 ივნისს უნდა დაწყებულიყო რეაბილიტაცია, მაგრამ როგორც აგვიხსნეს, ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა, თუმცა, კვლავ სამოქმედო გეგმაში დაგვტოვა ინფრასტრუქტურის სააგენტომ", - ამბობს დიმიტრი ქარსელაძე.

სამოქმედო გეგმის ამოქმედებას  სკოლის ადმინისტრაცია სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნითაც ელოდება. დიმიტრი ქარსელაძის თქმით, შენობას სახურავიც ამორტიზებული აქვს, რეაბილიტაციას საჭიროებს სპორტული დარბაზი და სველი წერტილები, რაც ასევე,  მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად,  დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ინფრატსრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მათი წარმომადგენლები სკოლას მიმდინარე კვირაში ეწვევიან. სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის კი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დაწყებულია, თუმცა, კონკრეტულად შენობის რა ნაწილის განახლებას გეგმავს სამინისტრო, უწყებაში არ განუმარტავთ.

ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლაში 110 მოსწავლე სწავლობს. სკოლა განათლების სამინისტროს მიერ ვაუჩერული პრინციპით, თვეში 13 000 ლარით ფინანსდება, რაც სკოლის დირექტორის თქმით, საკმარისი არ არის, რადგან, თანხის უდიდესი ნაწილი სკოლის პედაგოგების ხელფასს ხმარდება.

Print