საზოგადოება
ქუთაისის მერიამ ქალაქში კერძო ტაქსების პარკირებისთვის 80 სადგომი გამოჰყო
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქში  274 პარკირების ადგილიდან 77 სპეციალური ადგილი გამოყო. სწორედ აღნიშნულ ადგილებშია  განსაზღვრული კერძო ტაქსებისთვის პარკირება. 
ეკონომიკის საკითხებში ქუთაისის მერის მოადგილის კოტე ქავთარაძის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით გამოყოფილ 77 სპეციალურ ადგილზე ტაქსებისთვის ჯამში 80 ერთეული ავტომობილის სადგომია გათვალისწინებული. 
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მათთვის უცნობია პარკირების ადგილების ახალი რეგულაციის  შედეგად გაიზარდა თუ შემცირდა ტაქსებისთვის განსაზღვრული ადგილები. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის შესწავლილი არ არის პარკირების რამდენი ადგილი აქვთ დაკავებული ტაქსის მძღოლებს. როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, ქალაქში ტაქსის მძღოლებს  სადგომები თვითნებურად აქვთ  შექმნილი. 
"არ არსებობს ოფიციალურად ქალაქში სპეციალური ადგილები. ეს ახლა ჩვენ განვსაზღვრეთ", - განმარტავენ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ პარკირების  ახალი  ადგილების  განსაზღვრა ტაქსის მძღოლებს მუშაობაში ხელს არ შეუშლის. თუმცა, თავად კერძო ტაქსის მძღოლების მოსაზრებები განსხვავებულია.
"ჩვენთან არავინ მოსულა და უკითხვას და უთქვამს რომ ახალი რეგულაციებით მცირდება ან მატულობს სპეციალური პარკირების ადგილები, რომლითაც ვსარგებლობთ.  ჩვენ ამ აქ დგომით და მუშაობით პურის ფული შეგვაქვს სახლში", - განმარტავენ მძოლები.
"ამ დრომდე პრობლემები არ შეგვქმნია, ახალი ადგილების განსაზღვრის შემდეგ თუ რამე შეიცვლება ეს არ ვიცი", - ამბობს კერძო ტაქსის მძღოლი.
"ძალიან ბევრი გამოსულია სახლის წინ და საკუთარი მანქანას ატაქსავებს. მაგრამ თუკი განსაზღვრული და შეზღუდული იქნება სადგომები, ვფიქრობ, ეს უკამყოფილებას გამოიწვევს" , - ტაქსის მძღოლი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განმარტავენ, პარკინგის ახალი ადგილების განსაზღვრა დაარეგულირებს თვითნებურად შექმნილ სადგომებს.
"საერთო ჯამში, პარკირების  ახალი ადგილების მიხედვით ქალაქში  100 ერთულით  უფრო გაზრდილია  პარკირების ადგილები", - ამბობს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილი მოეწყობა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ პარკირების ადგილებზე აუქციონი ერთ ლოტად 10 წლიანი ვადით მესამედ გამოაცხადა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენს.

თეკლე მორგოშია    


Print