საზოგადოება
"ხელი მკრა და თვალი ჩამოვარტყი მაგიდას" - ქუთაისში მცხოვრები ქალი ყოფილი ქმრის დასჯას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საპროტესტო აქციებით იმუქრება. დაზარალებული ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ ყოფილმა მეუღლემ მასზე ბოლოს ერთი თვის წინ იძალადა.

"სახლში მომივარდა, ხელი მკრა და თვალი ჩამოვარტყი მაგიდას. ერთხელ ჩემი მკვლელობის მცდელობაზეც დაიჭირეს. პატრული რამდენჯერმე მყავდა გამოძახებული ამ ძალადობების შემდეგ. მაგრამ მაინც არ წყვეტს ამ უბედურებას", – ამბობს მ. ა. ჩვენთან საუბარში.

დაზარალებული გვიყვება, რომ ისინი ქორწინებაში ოთხი წელი იყვნენ. მეუღლემ მასზე ფიზიკური ძალადობა კი შეუღლებიდანვე დაიწყო, რის გამოც განქორწინდნენ.

"მე ქალაქში ვცხოვრობ ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ის კი რეგიონში. მაგრამ პერიოდულად მოდის და მაწუხებს. არავის არ ერიდება და ეშინია. არ ვიცი რა უნდა ან რას მერჩის. განქორწინების შემდეგ, სასამართლომ ალიმენტის გადახდა დააკისრა, მაგრამ ამასაც არ იხდის", - ამბობს დაზარალებული.

ის ორ, მე–7 და მე–8 კლასელ, შვილს მარტო ზრდის. დაზარალებული ამბობს, რომ მათი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას რამდენჯერმე ქუთაისის მერია დაეხმარა. თუმცა, წელს, ამ დახმარების გარეშეც დარჩა.

მერიაში განმარტავენ, რომ ბენეფიციარს მატერიალური დახმარება ყოველწლიურად სარეზერვო ფონდიდან ეძლეოდა. მიმდინარე წელს კი, მისი განცხადება ვერ დააკმაყოფილეს. რადგან, მათივე თქმით, ჯერ აქცენტი იმ გაჭირვებულ ადამიანზე კეთდება, ვისაც ეს დახმარება საერთოდ არ მიუღია.

ქუთაისიპოსტი შეეცადა გაერკვია შინაგან საქმეთა სამინისტროში არის თუ არა პირზე საქმე აღძრული ამ მიზნით ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ.

"თქვენთვის საჭირო ინფორაციის მიღება შესაძლებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული, სამართლებივი საფუძვლის ან მიზნის წარმოდგენის შემთხვევაში", - ნათქვამია უწყებიდან გამოგზავნილ წერილში.
Print